Belive

ლევან კორღალიძემ შესაძლოა საბურთალო დატოვოს 

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა, თბილისურ დერბიში ერთმანეთს “დინამო” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ, მატჩი მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით – 4:3 დასრულდა. მიმდინარე სეზონის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრას გიორგი კიკაჩეიშვილის მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა, რომელსაც რამდენიმე საკამათო მომენტზე მუშაობა მოუწია. აღნიშნული ეპიზოდები განხილვის საგანი გახდა და მას სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა. “საბურთალოს” თავკაცმა მსაჯის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა და მთავარ არბიტრს მიკერძოებულობაში დასდო ბრალი.
"სტატუსების წერა არ მჩვევია, არაფერი არასდროს არ დამიწერია, მაგრამ გუშინ რაც ცირკი დადგეს და კონკრეტულად კიკაჩეიშვილმა, არ შემეძლო არ დამეწერა არაფერი. ბოდიშს გიხდით წინასწარ თუ რამე ზედმეტი მომივა, უბრალოდ მინდა მივმართო და ამას აუცილებლად მედიასთანაც დავაფიქსირებ: ასეთ უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში მე აღარ ვაპირებ გაჩერებას, არასდროს სხვისთვის არ დამიბრალებია წაგება ან რამე იმედგაცრუება, მაგრამ უკვე დროა, ხმა ამოვიღოთ. მე მიმაჩნდა შარშან, "ლოკომოტივიდან" რომ წამოვედი, რომ ის გადაწყვეტილება, რაც კლუბმა მიიღო ჩემთვის უსამართლო იყო და მეყო კაცობა და დავტოვე კლუბი. მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვცემ "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობას, მაგრამ ჩემი პრინციპები ყველას და ყველაფერზე მაღლა დგას და იდგება . ეს შემთხვევაა ახლაც, სადაც ჩემი პატიოსნება და პრინციპი შეილახა ვიღაც არაკომპეტენტური ტიპის (მას ვერაფერს დავარქმევ) გამო. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს დავუთმე, არც ოჯახი ვიცი და არც მეგობარი იმდენად ჩართული ვარ საქმეში და არავის არ მივცემ იმის უფლებას, ასე არასამართლიანად მომექცეს თურმე პატიოსნად შრომა არ არის საკმარისი, რომ რამეს მიაღწიო. ან "დინამოს" რაში სჭირდება ასეთი ჩემპიონობა და მოგება, ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას, ჩავყვები ბოლომდე, სანამ სამართალს არ მივიღებ. მე ვინც მიცნობს, მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანად მიმყავს და ყალბი არასდროს არაფერში ვყოფილვარ, არც საქმეში და არც მეგობრობაში, აღარც ახლა ვაპირებ ვინმემ შელახოს ჩემი პატიოსნება, რომელიც გუშინ ნამდვილად შეილახა ვიღაცა მიკერძოებული ადამიანის გამო. პასუხს ვითხოვ და ძალიან გთხოვთ გამეცით იმ ადამიანებმა, ვისაც გეკუთვნით და ძალიან კარგად იცის ვის ეკუთვნის. შარშან, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი ბატონი აჩიკო ბერიძე აპირებდა ზუსტად ამ ადამიანის გამო ფეხბურთიდან წასვლას, რომელიც ამხელა ინვესტიციებს დებს, შრომას და ნერვებს ამ საქმეში და მაინც ეს პატარა ბავშვი, მსაჯს ვგულისხმობ, ასე უტიფრად აგრძელებს თავის მოღვაწეობას, ბრჭყალებში რა თქმა უნდა. ზუსტად ეგ განცდა მაქვს ახლა, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვარ და ვართ ამ შემთხვევაში "საბურთალო". ასე წინ ვერ წავა ვერც ქართული ფეხბურთი და ვერც ინდივიდუალურად განვვითარდებით ვერც მწვრთნელები და ვერც ვერცერთი ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ! მადლობა და ბოდიშს გიხდით თუ ზედმეტად გულახდილი ვიყავი", - წერს კორღალიძე Facebook-ის პირად გვერდზე.
ასევე იხილეთ: ზაზა დოლიძე: “ვფიქრობ ეს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო, კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და დარწმუნებულები ვართ, ასე გაგრძელდება”  მოგვიანებით, ლევან კორღალიძემ ამ საკითხის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა და კლუბიდან წასვლა არ გამორიცხა.
"მსაჯი შეცდა. ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ჩვენს საწინააღმდეგოდ პენალტი დანიშნა, ანალოგიური მდგომარეობა იყო მაშინ, როცა ჩვენს სასრგებლოდ შეიძლებოდა 11-მეტრიანის დანიშვნა. ზუსტად ამან აღმაშფოთა.  საერთოდ სტატუსების წერა არ მჩვევია ხოლმე, უბრალოდ გუშინ თავი დაჩაგრულად ვიგრძენი და ნამდვილად არ შევეგუები, რომ ვინმემ დამჩაგროს. აქ კონკრეტულ პიროვნებაზე ვსაუბრობ და არა ზოგადად. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული. აუცილებლად დავილაპარაკებ ჩემი კლუბის პრეზიდენტთან და რა და როგორ იქნება, ეს ყველაფერი გამოჩნდება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად რამის თქმა არ შემიძლია. ცალსახად არ მაქვს გადაწყვეტილი, რომ კლუბიდან წავიდე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ", - თქვა 41 წლის სპეციალისტმა.
 

სხვა სტატიები