Belive

ლევან კობიაშვილი: "ოფიციალურად, ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე-ს" პირდაპირ ეთერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებების და აქტუალური პრობლემების შესახებ ისაუბრა. "ბელარუსთან მატჩის გაუქმება გამორიცხულია, რადგან ერთა ლიგიდან უნდა გამოვლინდეს კიდევ 4 გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. ბოლო კონფერენციაზე და არც აღმასკომის შეხვედრაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. უეფაში ამ საკითხზე 11 მაისს იმსჯელებენ და საბოლოოდ გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება ეროვნული ნაკრებების მატჩები. ცნობილია, რომ შემოდგომიდან იწყება ერთა ლიგის ახალი გათამაშება. უეფაში განიხილავენ იმ ვარიანტს, რომ იქ გასამართ 6 მატჩს დაემატოს კიდევ ორი (წინა გათამაშების ფლეი-ოფი) და საერთო ჯამში, ახალი სეზონი 8 ტურად ჩატარდეს. ამ ფორმატის დამტკიცების შემთხვევაში, ყველაზე რეალური ვარიანტია, რომ სექტემბერში და ოქტომბერში 3-3 შეხვედრა გაიმართოს, ხოლო ნოემბერში ფლეი-ოფი. რაც შეეხება გულშემატკივრის დასწრების საკითხს, ამ თემაზე უეფაში ჯერ არ უსაუბრიათ. იქ ელოდებიან მიმდინარე პროცესის განვითარებას, მაგრამ უეფას აქვს ვალდებულება, რომ დროულად გამოაცხადოს გადაწყვეტილება. ვნახოთ რა იქნება, ჯერ არავინ იცის როგორ შეიცვლება მდგომარეობა კორონავირუსთან დაკავშირება.
რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, ჩვენ სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები პრობლემა გვაქვს, რადგან ვიცით, რომელი გუნდები ითამაშებენ მომდევნო ევროტურნირებზე. ამ კვირის ბოლოს, ან შემდეგ კვირაში კლუბებთან კიდევ ერთხელ გავმართავთ ვიდეო-კონფერენციას, იმ დროისთვის გვექნება ინფორმაცია შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებითაც და გარკვეული მონახაზის გაკეთება შეგვეძლება. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. ჯერ უნდა ვიცოდეთ როდის განვაახლებთ ვარჯიშებს და შემდეგ უკვე სეზონს. სავარაუდოდ, რაღაცის დაკლება მოგვიწევს ეს შეიძლება იყოს მატჩების რაოდენობა. თუკი ივნისში დავიწყებთ, შესაძლებელი იქნება გაცდენილი ტურების აღდგენა და ჩემპიონატის სრულად ჩატარება. შესაძლოა სამ ან ორ წრედაც ჩატარდეს, სამწუხაროდ შეიძლება თასის შეხვედრების გაუქმებაც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის შევძლებთ სეზონის განახლებას.
ვლადიმირ ვაისსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტრაქტი მარტის ბოლოს ამოიწურა, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ოფიციალურად საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარტის მატჩები გადაიდებოდა, დავიწყეთ ვლადიმირთან მოლაპარაკება და დავუდასტურეთ მას ჩვენი სურვილი, რომ გვინდა დარჩეს იმ პოზიციაზე, რომელსაც ბოლო წლებში იკავებდა. ჯერ 100%-ით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ ვაისი დარჩეს",-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სხვა სტატიები