Belive

"კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენისთვის იდეალური შენაძენი იქნება" - ESPN

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ევროპული ფეხბურთის წამყვანი კლუბები არაერთი გახმაურებული ტრანსფერის განხორციელებას შეეცდებიან.

სატრანსფერო ციებ-ცხელების დაწყებამდე, მედია საშუალებების სპეკულაციის მთავარ თემას შესაძლო ტრანსფერები და ვარსკვლავებში გადახდილი კოლოსალური თანხები წარმოადგენს. ავტორიტეტული მედია საშუალება ESPN-ი იმ ვარსკვლავების სიას აქვეყნებს, რომლებიც გრანდებმა აუცილებლად უნდა შეიძინონ.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ESPN-ის რჩეულთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. მედია საშუალება კვარას შეძენას "პარი სენ-ჟერმენს" ურჩევს.

"პარიზელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა განსაკუთრებით იაქტიურონ. "პსჟ" ლეო მესის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას და დიდია ალბათობა, რომ გუნდი ნეიმარმაც დატოვოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კლუბის მესვეურებმა ძირეულ ცვლილებეზე უნდა იფიქრონ. შეტევითი პოტენციალის გაძლიერება დღის წესრიგის მთავარი თემაა და იმ ფონზე, როდესაც რაფაელ ლეაომ "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთათვის იდეალური კანდიდატურაა.

კვარაცხელიას სანაცვლოდ "ნაპოლი" €100 მილიონზე მეტს მოითხოვს, მაგრამ "პსჟ" მსგავსი სატრანსფერო ღირებულების გადახდაზე იშვიათად ამბობს უარს. ქართველი შემტევი "პარი სენ-ჟერმენს" არა მხოლოდ საფირმო ნიშანსა და კრეატიულობას, არამედ სანიმუშო შრომით ეთიკას, პრესინგსა და გუნდურ სულისკვეთებაზე ფოკუსირებულ მენტალიტეტსაც შესძენს, რაც პარიზელებს დიდი ხანია სურთ".

შეგახსენებთ, “ნაპოლის” მაისურით გატარებულ სადებიუტო სეზონში, კვარამ 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელებს ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები