Belive

,,კვარაცხელია ოქროს ბურთს მოიგებს'' - მარკამ ქართველ ვარსკვლავს ვრცელი სტატია მიუძღვნა

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

ესპანურმა გამოცემამ, მარკამ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას, სტატია მიუძღვნა.

,,ჩვენ ვაანალიზებთ თუ როგორ ჩამოყალიბდა კვარაცხელიას დღევანდელი დონე და რა შესაძლებლობები აქვს ქართველს, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩაითვალოს.

ეს ევროპულ ფეხბურთში სეზონის დიდი აღმოჩენაა. მისი სახელი, რომელიც ისეთივე რთული წარმოსათქმელია, როგორც მისი თამაშის გაშიფვრა, ნეაპოლის ქუჩებში გამუდმებით მეორდება - ხვიჩა კვარაცხელია, სამხრეთ იტალიას ახალი კერპი ჰყავს, რომლის მიზანიც ნათელია: იყოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. არსებობს თუ არა ამის მიღწევის შესაძლებლობა?

გარემარბი, რომელიც ,,ნაპოლის'' გასულ ზაფხულს შეუერთდა, ჩამოყალიბდა გუნდის უდავო ლიდერად, რომელიც სერია A-ში დომინირებს და ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგების გზაზეა. მისი სტატისტიკა ამაზე თავად მეტყველებს: 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემა.

თუმცა, მისი ასეთი თამაში მათთვის, ვინც მას ბავშვობიდან იცნობს, გასაკვირი არ არის: ,,კვარაცხელიასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ, ყოველთვის ერთად ვიყავით. ის ფეხბურთის ფანატიკოსია, მისთვის ცხოვრობს. დიდებული და ძალიან მშვიდი ადამიანია,'' - გვარწმუნებს მისი თანაგუნდელი (ნაკრებში), ,,ვალენსიას'' მეკარე, გიორგი მამარდაშვილი.

ნაპოლი, ადგილი კარიერული ზრდისთვის - თუმცა, მანამ, სანამ კვარაცხელია მთავარი გმირი გახდებოდა, შეიძლებოდა, საშიში მოწინააღმდეგე ყოფილიყო. მისი ,,ნაპოლიში'' გადასვლა კრისტიან ძაკარდოს რეკომენდაციების დამსახურებაა. ,,იუვენტუსი'' ხვიჩას სანაცვლოდ ,,რუბინს'' 30 მილიონს უხდიდა და ტრანსფერის დახურვასთანაც ახლოს იყო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა და ,,დინამო ბათუმის'' მაისური მოირგო. ,,ნაპოლიმ'' სიტუაციით ისარგებლა, სხვა გუნდებს დაასწრო და ფეხბურთელი 11 მილიონ ევროდ გაიფორმა.

როცა იტალიაში ჩავიდა, ბევრი კითხვა არსებობდა, მაგრამ გუნდის პოლიტიკა ნათელია: ნაპოლი ყოველთვის იფორმებდა უცნობ ფეხბურთელებს, რომლებიც დიდებული მოთამაშეები ხდებოდნენ - კავანი, მერტენსი, ჟორჟინიო... კლუბის ფილოსოფია გასაგებია.

ბედნიერება სუფევს ქალაქში, რომელიც, დროთა განმავლობაში, ქართველი ფანებით ივსება: ,,საქართველოში თბილისი-ნეაპოლის პირდაპირ ფრენებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და დიეგო მარადონას სტადიონის გარშემო სულ უფრო და უფრო მეტი ქართული დროშა ჩნდება,'' - ამბობს ვინჩენცო კრედენდინო, ჟურნალისტი ნეაპოლიდან.

ახალი კერპი ნეაპოლში: ,,კვარადონა'' - ნაპოლიმ, შესაძლოა, მარადონას შემდეგ სკუდეტო პირველად მოიგოს, რისთვისაც ქართველ ვარსკვლავს მეტსახელი ,,კვარადონა'' დამსახურებულად შეარქვეს. მათ შორის მსგავსება მოედანზე ზუსტად ისეთივეა, როგორც მათი განსხვავებული ცხოვრების სტილი მოედანს გარეთ: ,,კვარას მისით აღფრთოვანებული ადამიანების გარემოცვაში ყოფნა არ უყვარს. თუ ტიტულს მოიგებს, ნეაპოლელები გულში შეინახავენ, მაგრამ ,,მარადონობამდე'' კიდევ დიდი გზაა. დიეგოს ფიგურა მხოლოდ მოედანზე არ შემოიფარგლებოდა. 10-იანის სიახლოვე იტალიელ გულშემატკივრებთან და არგენტინელების იდენტიფიცირება ღირსეულ ნეაპოლურ წარმომავლობასთან სპეციალურ კავშირს ქმნის. მარადონა ნახევრად ღმერთია. ის სულ ცდილობდა ქალაქში გასვლას, ხალთან ურთიერთობას, ამბობდა, რომ ნეაპოლელი ბავშვები მის ქალაქს ახსენებდნენ.'' - წერს კრედენდინო.

თავად ქართველ ფეხბურთელს არ სურს ადარებდნენ მას, ვინც ბევრისთვის ისტორიაში საუკეთესოა: ,,არა მგონია, მარადონას ვინმე შეედაროს. ის ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდაა. ნაკლებსავარაუდოა, რომ მისნაირი ფეხბურთელი ისევ ვიხილოთ.''

ჟორჟ ვეა - უნიკალური პრეცედენტი - შანსი იმისა, რომ ლიბერიაში დაბადებული მოთამაშე მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა, მცირე იყო. დღემდე ,,ოქროს ბურთის'' მოპოვება სხვა ვერცერთმა აფრიკელმა ვერ შეძლო. გარკვეულწილად, მათი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. ლიბერიელი ,,მილანში'' ლეგენდარული ფეხბურთელის, მარკო ვან ბასტენის შემცვლელად ჩავიდა. კვარაცხელიას მიზანი კი იყო, რომ ნეაპოლელებს ყოფილი კაპიტანი, ლორენცო ინსინიე დავიწყებოდათ. პირველივე სეზონში ტიტულის მოპოვებაში ორივემ დიდი წვლილი შეიტანა. ,,ნაპოლის'' ჯერჯერობით ლოდინი კიდევ რამდენიმე დღით მოუწევს.

ისიც მართალია, რომ ყოფილი ლიბერიელი თავდამსხმელი სათამაშო სტილით უფრო ვიქტორ ოსიმენს ჰგავს და არა - კვარაცხელიას. კვარას ნიგერიელ თანაგუნდელს ქართველი გარემარბის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება და ამბობს, რომ კვარაცხელია რამდენიმე წლის შემდეგ, ,,ოქროს ბურთს'' მოიგებს. იმავე აზრზეა გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც დასძენს, რომ ხვიჩას ფეხბურთში წარმატების მისაღწევად ყველანაირი თვისება აქვს.

პირველად ისტორიაში ,,პარტენოპეი'' ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. თუ კვარაცხელიას საკუთარი გზის შექმნა სურს, ,,მილანი'' პირველი დაბრკოლებაა, რომელიც უნდა გადალახოს. თითქოს, მარადონამ მას მემკვიდრეობა დაუტოვა: ,,გადალახე ისინი, როგორც ეს მე გავაკეთე,'' ქართველი ამისთვის მზად არის.''

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, 18:00 საათზე, ,,ტორინოსთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები