Belive

კვარა და ოსიმენი - ნაპოლის შემტევი დუეტი ნიუკასლის სამიზნეა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის ემზადება და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ "ნაპოლის" შემტევ დუეტს განიხილავს.

როგორც The Telegraph-ი იუწყება, ბოლო სამ სატრანსფერო ფანჯარაში 300 მილიონ ევრომდე დანახარჯის გამო, "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობას მკაცრი პოლიტიკის გატარება სურდა, რათა ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები არ დაერღვია, თუმცა მიმდინარე წარმატებული სეზონის შემდეგ მათი გადაწყვეტილება შეიცვალა.

საქმე ისაა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში არსებული სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი ძალიან დიდია. თუ ეს ყველაფერი რეალობად იქცევა, მაშინ კლუბი დამატებით შემოსავალსა და სპონსორებს მიიღებს.

ამ შემთხვევაში, ედი ჰაუს გაწვრთნილი გუნდი ნეაპოლელთა ორი ლიდერის, ქართველი და ნიგერიელი ვარსკვლავების, შესაბამისად ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება. მთლიანობაში, ინგლისელებს სურთ რომ 4 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დაიმატონ.

"ნიუკასლს" ასევე პრემიერ ლიგის უამრავ მოთამაშეს უკავშირებენ, მათ შორის ჯეიმს მედისონი, აივან ტოუნი, კაორუ მიტომა, სკოტ მაკტომინეი, ჰარვი ბარნსი და კირან ტირნი არიან. უფრო ნაკლები შანსია, რომ კლუბმა დეკლან რაისიც დაიმატოს.

მიუხედავად პოტენციური კანდიდატების ვრცელი ჩამონათვალისა, კლუბს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა "ნაპოლის" შემტევების დამატებაზე აქტიურად ფიქრობს.

22 წლის ქართველ ვარსკვლავს, რომელიც ამჟამად “ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერია, 2022/23 წლების სეზონში 35 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები