Belive

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს პატიმრობა ემუქრება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის დასკვნითი ეტაპის მოახლოების პარალელურად, მეტოქეთა ბანაკებიდან სკანდალური ინფორმაციები ვრცელდება. ბელარუსულ ფეხბურთში არსებული განხეთქილებებისა და რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, ამჟამად სკანდალში კოსოვო გაეხვა. კოსოვოური გამოცემა gazetametro.net-ის ინფორმაციით, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უახლოეს დღეებში შესაძლოა თავისუფლება აღეკვეთოს. "კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, აგიმ ადემი, პროკურატურისგან კიდევ ერთ საბრალდებო დასკვნას ელოდება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მიმდინარეობს. კოსოვოს ფეხბურთის მაღალჩინოსანმა პასუხისგებას თავი რამდენჯერმე დააღწია, თუმცა იმ საქმის მიხედვით, რომელშიც ის 21-წლამდე ნაკრების ექიმის ცემაშია ეჭვმიტანელი, ადემის პატიმრობა ემუქრება. პრეზიდენტმა და მისმა მეგობარმა გერმანიაში ყოფნის დროს ექიმი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მიუხედავად მისი 25-წლიანი გამოცდილებისა, თანამდებობიდან გაათავისუფლა, რამაც საფეხბურთო საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია", - წერს გამოცემა, რომელმაც ექიმის ექსკლუზიური ინტერვიუც მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოსოვოს ფეხბურთის მმართველს პატიმრობის განაჩენი უახლოესი 48 საათი განმავლობაში უნდა გაეგზავნოს. ბელარუსის ნაკრებთან ნახევარფინალურ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ევრო 2020-ს საგზურისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში საქართველოს ეროვნული გუნდი კოსოვო-მაკედონიას წყვილში უკეთესს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები