კლუბთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო, დე იონგმა ახალი აგენტი აიყვანა
28 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგისა და ბარსელონას მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა ჩიხშია. მიუხედავად იმისა, რომ მან და კლუბმა რამდენიმე თვის წინ მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, გარიგება მის ყოფილ აგენტთან, ალი დურსუნთან პრობლემების გამო შეჩერდა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, დე იონგმა დურსუნთან ურთიერთობა გაწყვიტა და ახალი ჰოლანდიელი წარმომადგენელი დაიქირავა. აგენტმა უკვე წარუდგინა თავი კლუბს და პირველადი კონტაქტი ჰქონდა სპორტულ დირექტორ დეკუსთან, რათა მოლაპარაკებები წინ წასულიყო.
ბარსელონა იმედოვნებდა, რომ დე იონგთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 30 ივნისამდე დაასრულებდა, რათა ლა ლიგის წესებით გათვალისწინებული 1:1 ხარჯები 'ჩარჩოში ჩაესვა', მაგრამ მის აგენტთან ურთიერთობის გაფუჭებამ ყველაფერი გადადო. ახლა, ამ საკითხის მოგვარების შემდეგ, კატალონიელები დარწმუნებულები არიან, რომ დე იონგთან კონტრაქტს გააგრძელებენ.
კლუბმა ნიდერლანდელს ამჟამინდელი კონტრაქტის ორწლიანი გახანგრძლივება შესთავაზა, რაც მას „კამპ ნოუზე“ 2028 წლამდე დატოვებს (2029 წლამდე კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით). შეთანხმების ფარგლებში, დე იონგი დათანხმდა ხელფასის შემცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამჟამად მისი წლიური ხელფასი 19 მილიონი ევროა.