Belive

კლიმენტი წიტაიშვილი: "ჩემი შვილით და საქართველოთი ვამაყობ - კარიერის გარძელების რამდენიმე ვარიანტი გვაქვს"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის მამამ, კლიმენტი წიტაიშვილმა ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალზე და ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დროს საქართველოში არსებულ გარემოზე ისაუბრა.

"თბილისში ახლა გიჟური ატმოსფეროა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ჩვენი ფეხბურთი პროგრესირებს და ეს ფაქტია. მალე ყველა გაიცნობს ქართველ ფეხბურთელებს. ბედნიერი ვარ ჩემი შვილის და ასევე მთელი ქვეყნის გამო. ყველა ბედნიერია - ისტორია შევქმენით, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ახლა აქ დიდი ზეიმია.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა ბელგიის ნაკრებთან გოლის გატანა მოახერხა. 0:2-ის შემდეგ ცუდი განწყობა იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისი გოლის შემდეგ ყველა სხვა მოთამაშემ უკეთესად დაიწყო თამაში და ჩვენ გავათანაბრეთ.

რატომ იწყებს ის მატჩს უფრო ხშირად სათადარიგოთა სკამზე? მე ვენდობი 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს, ის ძალიან ჭკვიანია. ჩემს შვილს ჯოკრად იყენებს და მოედანზე შესვლის შემდეგ მთელი თამაში იცვლება. გიოს შემოსვლა თამაშს სულ ცვლის.

არ მიყვარს ჩემს შვილზე ბევრი ლაპარაკი. ყოველთვის ვეუბნები, რომ მან უნდა იშრომოს, ივარჯიშოს და იყოს პროფესიონალი. მზად იყოს ყველაფრისთვის და არ გაბრაზდეს თუ არ თამაშობს, ეს არის ფეხბურთის ნაწილი.

ჩემი შვილი ათი წლიდან უკრაინაშია, მაგრამ ავიღეთ ქართული პასპორტი და საქართველოს ნაკრებში თამაში გავაგრძელეთ. მას არ სურს უკრაინაში დაბრუნება: კიდევ წელიწადნახევარი კიევის "დინამოსთან" გვაქვს კონტრაქტი, მაგრამ ჩვენ ველოდებით ახალ გუნდს. ბევრი ვარიანტი გვაქვს, მაგრამ ველოდებით კარგ შესაძლებლობას - არ გვინდა ვიჩქაროთ. ბევრი გუნდი მოგვიახლოვდა", - თქვა კლიმენტი წიტაიშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.

გიორგი წიტაიშვილმა, რომელსაც კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს უსრულდება, 2022/23 წლების საკლუბო სეზონი პოლონეთის ექს-ჩემპიონ პოზნანის "ლეხში" გაატარა, რომელშიც საერთო ჯამში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები