Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კარიერული მომავლის და ამჟამინდელი სათამაშო ფორმის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა.
"ჯერ არ ვიცი რა იქნება მომავალში. ახლა ისევ "რუბინის" ფეხბურთელი ვარ. რა მოხდება შემდეგ, ეს ღმერთზეა დამოკიდებული. ჯერ ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება შემდეგ. ჩვენ ამას ვნახავთ. ვგრძნობდი, რომ თამაში შემეძლო და ყველაფერმა ხელი შემიწყო, გოლის გატანაც შევძელი. რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას, ჯერჯერობით კიდევ არის სირთულეები, რადგან თვეზე მეტია არ მითამაშია. ახლა თითქმის მზად ვარ და ვფიქრობ, რომ ოპტიმალურ ფორმაში მალე უნდა შევიდე", - თქვა 20 წლის ფეხბურთელმა.
ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2 ივნისს 15-დან 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ კლუბებს, მათ შორის ისეთ გრანდებს, როგორებიც "ლიდს იუნაიტედი", დორტმუნდის "ბორუსია", მიუნხენგლადბახის "ბორუსია", მიუნხენის "ბაიერნი", "ლაციო", "მილანი" და ტურინის "იუვენტუსია". წინა სეზონში, კვარაცხელიამ "რუბინის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ეროვნულ გუნდს კი მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა.

სხვა სტატიები