Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ მისთვის იდეალური ფეხბურთელი დაასახელა და ანჩელოტის მადლობა გადაუხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიურმა გამოცემამ - Corriere dello Sport-მა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

21 წლის ფეხბურთელმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

,,ნაპოლი დიდი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და თუ ასე გავაგრძელებთ, იმაზე მეტს მივაღწევთ, ვიდრე ამას ვინმე იფიქრებდა. ყოველი გამარჯვება არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი გუნდი ოჯახს ჰგავს, ერთიანები ვართ და ერთი მიმართულებით მივდივართ.

საზღვრები არ მაქვს, ჩვენ შეგვიძლია, ერთად გავიზარდოთ, არანაირი საზღვრები არ არსებობს. ბევრს ვმუშაობ, რადგან კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ერთი რამ ცხადია - მინდა, რომ მწვერვალს მივაღწიო. სკუდეტოს მოგება ოცნებაა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი კი მიზანია. სერია A-ში ბევრი მაღალი დონის გუნდია და ამიტომ რთული იქნება: მილანი, იუვენტუსი, ლაციო, რომა, ფიორენტინა, ატალანტა და უდინეზეც, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო.''


ხვიჩას ინტერვიუში ,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელზე, ლუჩანო სპალეტიზეც ჰკითხეს:

,,როცა სპალეტის ნეაპოლში, მის სახლში შევხვდი, ძალიან ბევრი რამ მითხრა. ის ნამდვილად დიდებული მწვრთნელია. მაკვირდება და მეუბნება, რისი გაკეთება შემიძლია და რისი არა. მეხმარება, რომ თამაში გავაუმჯობესო, ნამდვილი ოსტატია.''


რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას შესახებ მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ისაუბრა, რომელმაც ქართველ ფეხბურთელს განსაკუთრებული უწოდა. ხვიჩამ იტალიელ სპეციალისტს მადლობა გადაუხადა:

,,ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. მისმა კომენტარმა გამახარა და მას გულითად მადლობას ვუხდი.''


ინტერვიუს ბოლოს კვარაცხელიამ საფეხბურთო კუმირიც დაასახელა:

,,ჩემი კუმირი კრიშტიანუ რონალდუა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სიყვარული გუტი იყო. როცა ბავშვობაში თბილისის ქუჩებში ვთამაშობდი, თეთრი მაისური მეცვა, რომელსაც მისი სახელი ეწერა.

კალათბურთსაც ვუყურებ. სტეფ კარი ჩემი საყვარელი მოთამაშეა, გოლის შემდეგ მისი აღნიშვნა გამოვიყენე.''


მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, ,,კრემონეზესთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები