Belive

კარვახალი: "ასეთი ცუდი სეზონი ჯერ არ მქონია"

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
გასული წლების განმავლობაში, დანი კარვახალი მადრიდის "რეალის" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო - ესპანელი სტაბილურობით გამოირჩეოდა, რასაც მიმდინარე სეზონზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. შესაძლოა, მისი ფორმიდან ამოვარდნა ზიდანის არყოფნით აიხსნას და საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს ფრანგის დაბრუნება გუნდში. "ლეგანესთან" გასამართი მატჩის წინ, ესპანურმა Marca-მ კარვახალთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის თარგმანსაც Live.ge გთავაზობთ: თქვენ თქვით, რომ 2018/2019 ცუდი სეზონი გამოდგა. შეგიძლიათ ისაუბროთ ამის მიზეზებზე? რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ცხადია რომ გუნდი თავის მაქსიმუმს ნამდვილად არ აჩვენებს. უკვე მრავალი წელია ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის არ გვიბრძოლია. მწვრთნელის ცვლილებამ თქვენზე გავლენა იქონია? მწვრთნელის ცვლილება ცალკე საკითხია, მწვრთნელი მოედანზე არ თამაშობს, მატჩი ფეხბურთელებმა უნდა მოიგონ. ლუკა მოდრიჩმა თქვა, რომ რონალდუს ჩანაცვლება გუნდმა ვერ შეძლო. იზიარებთ მის მოსაზრებას? ძალიან რთულია ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც სეზონში 50-ზე მეტი გოლის გატანას შეძლებს. მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩში ჩვენ ბევრი გოლი გავიტანეთ, თუმცა ბურთი ჩვენი კარის ხაზსაც ხშირად კვეთდა. ჩვენ ნერვიულობა დაგვეტყო, რაც შედეგებზეც აისახა. მიმდინარე სეზონში თქვენს თავს როგორ შეაფასებდით? ჩემი საქმე შეფასებების გაკეთება ნამდვილად არაა, თუმცა ჩემს თავს 4-იანს დავუწერდი, რაც სრული კრახია. არის თუ არა ეს თქვენი კარიერის ყველაზე ცუდი პერიოდი? დიახ, მარტიდან მოყოლებული, გუნდი ტიტულებისთვის აღარ იბრძვის. ეს კი ძალიან არაკომფორტული სიტუაციაა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს ჩემს განწყობაზეც აისახა. დროთა განმავლობაში კი გავიაზრე, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი დარჩენილ მატჩებში გამარჯვების მოპოვება და მომავალ სეზონზე ფიქრია. თქვენი აზრით, რამდენად სწორად მოიქცა სერხიო რამოსი, როდესაც მან აიაქსთან ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო? მან თავად აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. გასვლაზე 1:2 შესანიშნავი შედეგი იყო და იგი ფიქრობდა, რომ საპასუხო მატჩის გამოტოვებით გუნდს არ დააზარალებდა. აიაქსთან საპასუხო მატჩში, რა მომენტში იგრძენით, რომ ბოლო 4 წელიწადში ჩემპიონთა ლიგას პირველად გამოემშვიდობებოდით? როდესაც ორბურთიანი სხვაობით ვაგებდით, გავიაზრეთ რომ გამოფხიზლება და კონცენტრირება იყო საჭირო. ჩემი აზრით, მესამე გოლმა უდიდესი დარტყმა მოგვაყენა. ძალიან ცუდი მატჩი იყო, ჩვენ მეტოქის საჯარიმოში თავისუფალ სივრცეებს ვერ ვპოულობდით. საერთო ჯამში, რამდენიმე მომენტი მაინც შევქმენით, თუმცა მათი რეალიზაცია არ მოხერხდა. ლოპეტეგის გათავისუფლების შემდეგ, თქვენ თქვით რომ იგი საუკეთესო მწვრთნელი იყო, ვისთანაც გიმუშავიათ. რატომ თქვით ეს? ვცდილობ, ყველა მწვრთნელისგან რაღაც ახალი ვისწავლო. სიმართლე გითხრათ, ლოპეტეგმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იგი ფეხბურთით ისევე ცხოვრობს, როგორც მე. ლოპეტეგი ემოციური ადამიანია და ამასთან, ძალიან კარგად იცის გუნდის მართვა. რატომ იყო იგი წარუმატებელი რეალში? როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მას არ გაუმართლა. იყო თამაშები, სადაც დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, თუმცა მარცხი განვიცადეთ. თითქოს ბურთს კარის ხაზის გადაკვეთა არ სურდა. შემდეგ სოლარი გამოჩნდა და მან მნიშვნელოვან ფეხბურთელებზე უარი თქვა. თქვენი აზრით, იყო თუ არა ეს შეცდომა? სოლარი აკეთებდა იმას, რასაც გუნდისთვის საუკეთესოდ მიიჩნევდა. ასე რომ, მისდამი პატივისცემა გვმართებს. გქონდათ თუ არა შიში, რომ მოურინიო დაბრუნდებოდა? არა (ღიმილით ამბობს), მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილებოდა და ჩვენ არცერთი მათგანის არ გვეშინოდა. არის თუ არა ზიდანის დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილება? ზიდანის დაბრუნება ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ის ძალიან კარგად გვიცნობს და იცის, რომ თავდაჯერება დავკარგეთ. ზიდანს აღმოაჩნდა გამბედაობა, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი კვლავ დაგვიბრუნოს, ასე რომ დიახ, იგი ყველაზე კარგი კანდიდატი იყო. ბოლო პერიოდში, ბერნაბეუს უფრო და უფრო ნაკლები გულშემატკივარი სტუმრობს. თქვენ რომ ფეხბურთელი არ იყოთ, დაესწრებოდით თუ არა რეალის მატჩებს? გულშემატკივარის გულისწყრომა გასაგებია, თუმცა მე მათ ადგილას რომ ვიყო, არცერთ მატჩს არ გამოვტოვებდი და ფეხბურთელებს გავამხნევებდი. რას ფიქრობთ განახლებული ბერნაბეუს კონცეფციაზე? ეს იქნება უნიკალური, ფუტურისტული დიზაინის მქონე სტადიონი და იმედი მაქვს, რომ ვითამაშებ კიდეც. თქვენი აზრით, რას გააკეთებთ, როდესაც კარიერას დაასრულებთ? ძალიან რთული შეკითხვაა. არც კი წარმომიდგენია, რომ ჩემი დილა ვარჯიშით არ დაიწყება. სიამოვნებით ვიქნებოდი მწვრთნელი, ან უბრალოდ, საფეხბურთო მოღვაწე. თუმცა ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ ნაადრევია.

სხვა სტატიები