Belive

კაპიტანი წავიდა: ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა!

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ, სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია 35 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

"ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის და ახლობელი ადამიანის, დიდი დამსახურებაა რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო, ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი. მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და ურთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა", - წერს ჯაბა კანკავა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Jaba Kankava (@jabakankava)

ჯაბა კანკავა ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია, მის აქტივში ეროვნული გუნდის მაისურით ნათამაშები 100 შეხვედრა, 10 გატანილი გოლი და 5 საგოლე პასია.  

სხვა სტატიები