ჯო ჰარტი პარაგვაის ნაკრებზე: "ასეთ დროს ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი"
მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კილიან მბაპემ გაიტანა. ამ წარმატებით ფრანგების ლიდერი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა - მას და ლიონელ მესის აქტივში 7-7 გატანილი გოლი აქვთ და ოქროს ბუცის მთავარ პრეტენდენტებად გვევლინებიან.
ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და სკანდალურ მატჩად შეფასდეს, რისი მიზეზიც მოედანზე გადამეტებული უხეშობა და არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებები გახდა. პარაგვაელი ფეხბურთელები მოედანზე საფეხბურთო მატჩის ნაცვლად, პირდაპირი გაგებით, MMA-ის ორთაბრძოლას მართავდნენ და ფრანგებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის მთავარმა მსაჯმა, უზბეკმა ილგიზ ტანტაშევმა, პარაგვაელთა აგრესიას თვალი დახუჭა და შეხვედრაში მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა - სამივე ფრანგი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რაც ნამდვილად კომიკურია.
ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ყოფილმა მეკარემ - ჯო ჰარტმა, პარაგვაის ნაკრების უღირს თამაშსა და ფეხბურთელების საშინელ ქმედებებზე ისაუბრა.
"პარაგვაის ეს გუნდი ნამდვილი სირცხვილი იყო. ჩემი თანაგუნდელები ასე რომ მოქცეულიყვნენ, მოედნიდან ძალით გავიყვანდი. არასდროს, არცერთ შემთხვევაში არ ვისურვებდი მატჩის ასეთი სტილით მოგებას. რაც შეეხება მსაჯს, მისი მუშაობა აბსოლუტური კატასტროფა და სირცხვილი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ მას დიდ ფორუმებზე აღარასოდეს მიიწვევენ.
ეს თამაში ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება - ეს იყო ფეხბურთის დაცინვა, სხვა არაფერი..." - ჯო ჰარტი
საფრანგეთმა მძიმე და ფიზიკურად დამღლელ ბრძოლაში ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. მსაჯის მხრიდან აშკარა არათანმიმდევრული მსაჯობისა და მეტოქის აგრესიული ქმედებების მიუხედავად, დეშამის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ახლა უკვე ტურნირის 1/4-ფინალში გავიდნენ.
1/4-ფინალში ფრანგების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება.