Belive

იტურალდე გონსალესმა ფლორენტინო პერესი ზეწოლაში დაადანაშაულა, რეალის ტელევიზიამ მსაჯს ვიდეოთი უპასუხა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა, იტურალდე გონსალესმა, ,,რეალის'' პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ზეწოლაში დაადანაშაულა.

გონსალესი ,,რეალის'' საკლუბო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც მათი გუნდის წინააღმდეგ კარლოს კლოს გომესის დაშვებული შეცდომებია ნაჩვენები.

,,ეს ამ ტელევიზიის სტანდარტია... თუ ჟურნალისტები ხართ, მიპასუხეთ, ვინ დამიბარა ოთახში? გამოიძიეთ, რათა გაიგოთ, როგორ ცდილობენ მსაჯებზე ზეწოლას. 2010-2011 წლების სეზონში, ,,რეალისა'' და ,,დეპორტივოს'' მატჩის შემდეგ, ასისტენთებთან ერთად მოედანი დავტოვე და ერთმა ადამიანმა ოთახში გაყოლა მთხოვა. მან მითხრა: ,,უბრალოდ, გთხოვ, ისევე მოგვექცე, როგორც ,,ბარსელონას''. ეს ,,რეალის'' წარმომადგენელი იყო. ვკითხე, ხუმრობდა თუ არა, მან კი მიპასუხა, რომ საუბარი დასრულებული იყო. ნახევარი საათის შემდეგ, ამ ამბის შესახებ მსაჯთა კომიტეტმა იცოდა. რაკი ამ არხის თანამშრომლები კარგი ჟურნალისტები არიან, დაე, გამოიძიონ. მე მათ საქმეს გავუადვილებ - ზემოდან დაიწყონ...

ასეთი რამ ჩემს კარიერაში აღარ მომხდარა, პირად კაბინეტში არცერთ პრეზიდენტს არ დავუპატიჟებივარ. ეს კაცი ფლორენტინო პერესი იყო, ამის დასადასტურებლად მსაჯთა კომიტეტის პროტოკოლიც არსებობს, მე მათ ვაცნობე, დამალვას არ ვაპირებდი.

ახლა, სამწუხაროდ, საკლუბო ტელევიზიას იყენებენ. ეს არ ეკადრება გუნდს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. ეს ამაზრზენი რეპორტაჟია. კლოს გომესი პატიოსანი ადამიანია, რომელსაც არაერთხელ დაუშვია შეცდომა როგორც ,,რეალის'' საწინააღმდეგოდ, ასევე - სასარგებლოდ. ეს ყველაფერი მათი პრეზიდენტის ნებართვით ხდება,'' - განაცხადა გონსალესმა.

,,რეალის'' ტელევიზიამ იტურალდეს კომენტარს მალევე უპასუხა და ეთერში გაუშვა 4-წუთიანი ვიდეო, რომელშიც ,,სამეფო გუნდის'' წინააღმდეგ მის მიერ დაშვებული შეცდომები იყო ნაჩვენები. ვიდეოს შესავალში წერია: ,,ეს იტურალდე გონსალესია, მსაჯი, რომელმაც ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნა.''

სხვა სტატიები