Belive

იტალიური პრესა: "ზლატანის შვედეთთან დუბლის შემდეგ, კვარაცხელიათი მილანი ისევ დაინტერესდა"

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი B ჯგუფში დაგროვილი 7 ქულით და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილით დაასრულა. ბოლო შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრების წინაღმდეგ, ბათუმში ჩაატარა და – 2:0 დაასრულა. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ევროპული მედიის ინტერესის სფეროში კიდევ ერთხელ მოექცა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური მედია-საშუალება, la gazzetta dello sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
"სულ რაღაც 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია ახლა საქართველოს ტექნიკური ლიდერი გახდა. ყოველი სანაკრებო პაუზისას 2001 წელს დაბადებული ნიჭიერი ფეხბურთელი - რომლითაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში "მილანი" მძაფრად იყო დაინტერესებული - სცენაზე დგას და დიდი მოთამაშის ევროპაში გადასვლას ელოდება. ამ საღამოს, ყაზანის "რუბინის" გარემარბმა შვედეთი დუბლით დაარბია, რითაც ესპანეთს შესაძლებლობა მისცა მათთვის B ჯგუფში გადაესწრო და პირველი ადგილი დაეკავებინა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მისი საქართველო პლეი-ოფისკენაც კი ვერ ისწრაფვის, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში მან გაიბრწყინა და შვედებს გადამწყვეტ მომენტში საქმე გაურთულა. ხვიჩას აღზევება იწყება სახლში, "დინამოდან", ისევე როგორც ყოფილი "როსონერო" კახა კალაძე, რომელთანაც, როგორც ჩანს, უკვე ისაუბრა "მილანის" გარემოცვამ კვარაცხელიას შესახებ მეტის გასაგებად. "რუბინმა" ის 2019 წლის ზაფხულში წაიყვანა, მას შემდეგ რაც ახლოდან ნახა ერთი წელი რუსეთში, როდესაც ის მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარით თამაშობდა. იმ მომენტიდან მოყოლებული, რუსეთის ლიგაში მისი შედეგი იყო 8 გოლი, 7 საგოლე გადაცემა და ბევრი თვალისმომჭრელი თამაში. კვარაცხელია 1.83 მეტრი სიმაღლისაა, მაგრამ სწრაფი და ჭკვიანი გარემარბია, რომელიც მარცხნიდან იწყებს და უყვარს პირდაპირი მეტოქეზე წასვლა და დრიბლინგის მცდელობა. წინა ჩემპიონატში ის თამაშში საშუალოდ 3.5 დრიბლინგს აფიქსირებდა (SofaScore მაჩვენებელი). სასიამოვნო სანახავია, დიახ, მაგრამ ასევე ეფექტური. როგორც საქართველოს მაღალ დონეზე დემონსტრირებას ახდენს, ასევე ის ხვდება, როდის არის გოლის, ანუ დარტყმის მომენტი და შესაბამისი დრო. ის ძალიან მორწმუნეა, ინსტაგრამზე მის ბიოგრაფიაში წერია „ყოველთვის ღმერთი უნდა გწამდეს“. ფეხბურთისადმი უსაზღვრო გატაცება აქვს, ვინც მას იცნობს, საუბრობს მასზე, როგორც ბავშვზე, რომელიც ჯერ კიდევ დასაძინებლად მიდის და ბურთს ახლოს ინახავს. ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ის რუსეთის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, მას კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და მისი გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 20 მილიონი ევროა. "მილანი" მას პიოლისთვის ფლანგების იდეალურ გაძლიერებად გამოიყენებდა, იმის გათვალისწინებით, რომ ის მარტივად თამაშობს როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ. თუმცა, მას სხვა ტოპ ევროპული კლუბებიც აკვირდებიან და მომავალშიც შეეცდებიან მის მოპოვებას. ამ დროისთვის ხვიჩა აგრძელებს მოჯადოებას თავისი საქართველოთი და "რუბინით", ელოდება სწორ ზარს, შესაძლოა, სწორედ იტალიური გრანდიდან", - წერს la gazzetta dello sport-ი.
ხვიჩა კვარცხელიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 11 მატჩში უკვე 5 გატანილი გოლი დაუგროვდა, მის აქტივში ასევე 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები