Belive

იტალიური მედიის გამოხმაურება: "ნაპოლისთვის მოგებაზე მნიშვნელოვანი კვარაცხელიას ქცევაა - ის ალტრუისტია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურის შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება შედგა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" - 4:1 დაამარცხა.

ორივე ქართველი ფეხბურთელი თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულადაც ითამაშა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან პენალტის მოპოვება და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რასაც იტალიურ მედიაში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა.

Areanapoli.it-მა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება 7.5 ქულა დაუწერა და შემდეგი კომენტარი მიუძღვნა: "კრემონეზე" მას სრულად ზღუდავდა და ამოსუნთქვის შესაძლებლობას არ აძლევდა, მაგრამ პენალტის მოპოვება და საგოლე პასის გაკეთება მაინც შეძლო, რაც მატჩის მოგებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

"ნაპოლიმ" ეს მატჩი მოიგო, მაგრამ გამარჯვებაზე უფრო მნიშვნელოვანი ნეაპოლელებისთვის ის გარემოება იყო, რომელიც მატჩის ბოლოს შეიქმნა - კვარაცხელიამ, რომელიც ალტრუიზმით დაჯილდოებული ადამიანია, გოლის გატანის შანსი ირვინგ ლოსანოს მისცა".

რაც შეეხება კვარაცხელიას, მის აქტივში 2022 წელს საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებს აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი, 5 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი აქვს.

სხვა სტატიები