Belive

იტალიური მედია: "საქართველო ტალანტებს აჩენს - ორი ახალი სიურპრიზი კვარას სამშობლოდან"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნეაპოლური გამოცემა Areanapoli.it-ი საქართველოს და ქართული ფეხბურთის შესახებ სტატია აქვეყნებს. კერძოდ, გამოცემა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას სამშობლოში კიდევ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია და რომ იტალიაში ამჟამად ორი მოთამაშით, გიორგი მიქაუტაძით და ზურიკო დავითაშვილით არიან დაინტერესებულები.

"საქართველო აჩვენებს ნიჭს: კვარას გარდა კიდევ ორი ტალანტი გამოჩნდა საქართველოდან" - ასე სათაურდება სტატია ქართველი ფეხბურთელების შესახებ, რომლის შინაარსიც შემდეგნაირია: "საქართველო, ბოლო დროს, საკმაოდ გაიზარდა ფეხბურთის სამყაროში. ამ ქვეყნიდან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის უმაღლეს ლიგებში.

რომ აღარაფერი ვთქვათ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც "ნაპოლიში" უდიდესი გავლენა მოიპოვა და საქართველოს წინ მიუძღვის, ამ სანაკრებო პაუზის დროს ჯვაროსნების ნაკრებმა მონღოლეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ითამაშა, შემდეგ კი ევროპის შესარჩევში ნორვეგიასთან, სადაც დიდი საფეხბურთო სცენა კიდევ ორმა მოთამაშემ გააკვირვა. გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი. პირველი, 2000 წელს დაბადებული, ნორვეგიასთან გამათანაბრებელი გოლის ავტორია, ხოლო მეორემ თავისი დრიბლინგით ნახევარდაცვაში პანიკა დათესა. ის ასევე ახალგაზრდაა, 2001 წელს დაბადებული. ორივე მათგანი ასევე თამაშობს საფრანგეთის ლიგა 2-ში.

შემტევი მიქაუტაძე "მეცში" თამაშობს და ბომბარდირთა სიაში პირველია 14 გოლით. დავითაშვილი თავისი ტექნიკური თვისებებით "ბორდოს" ლიგა 1-ში აბრუნებს. დამკვირვებლებმა ისინი უკვე შენიშნეს და შესაძლოა, კვარასთან კონტრაქტზე შეთანხმებისთვის, "ნაპოლიც" იყოს მათ კვალზე", - წერს ნეაპოლური გამოცემა.

რამდენიმე თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძის დამატების სურვილი ორ იტალიურ კლუბს, "უდინეზესა" და "ჯენოას" ჰქონდა.

სხვა სტატიები