იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი საუდის არაბეთიდან სოლიდურ წინადადებაზე უარს ამბობს
იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, მატეო რეტეგი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომლის დამატებაც საუდის არაბეთის წარმომადგენელ გუნდებს სურთ.
არგენტინაში დაბადებული და გაზრდილი ფეხბურთელი, რომელიც წარმოშობით იტალიელია და "სკუადრა აძურაში" თამაშიც აირჩია, საკმაოდ სოლიდურ წინადაზებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ინფორმაციას პოპულარული იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს და წერს, რომ "ატალანტას" 25 წლის ფორვარდმა შეთავაზება საუდის არაბეთის რამდენიმე გუნდისგან მიიღო. თანხმობის შემთხვევაში, ბერგამოელთა შემტევს 15-დან 20 მილიონ ევრომდე თანხის გამომუშავება შეუძლია.
ამავე დროს, "რივერ პლეიტის" აკადემიის, "ბოკა ხუნიორსის", "ესტუდიანტესის", "ტალერესის", "ტიგრესისა" და "ჯენოას" ყოფილ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერ ლიგიდან რამდენიმე მსურველი ჰყავს.
"ატალანტას" ფეხბურთელი ამ სეზონში, 20 გატანილი გოლით და 3 საგოლე პასით იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ყველა ტურნირზე მან ამ სეზონში 23 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, გასულ ტურში კი "ვერონასთან" პოკერი გაიფორმა.