Belive

ისტორიული გოლი და საოცრება ლისაბონში - ტრუბინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

20 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ლიგის ფაზა დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მადრიდის რეალმა მარცხის გამო 8 საუკეთესო გუნდში პოზიცია დაკარგა და პლეი-ინში მოხვდა, შესაბამისად ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 1/16-ფინალიდან გააგრძელებენ და პირველ 8 გუნდთან შედარებით, ორით მეტი თამაშის ჩატარება მოუწევთ.

თავის მხრივ საოცარი გამარჯვება მოიპოვა ბენფიკამ და მადრიდის რეალთან მეოთხე გატანილი გოლით, მათ პლეი-ინის საგზური გაინაღდეს - გოლით, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევა.

გადამწყვეტი გოლი 24 წლის უკრაინელმა მეკარემ, ანატოლი ტრუბინმა გაიტანა, რომელიც ისტორიული აღმოჩნდა - ტრუბინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეხუთე მეკარე გახდა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.

ტრუბინამდე ჩემპიონთა ლიგაზე გოლი შემდეგ მეკარეებს ჰქონდათ გატანილი: ჰანს-იორგ ბუტი, სინან ბოლატი, ვინსენტ ენიამა და ივან პროვედელი.

უკრაინელი მეკარის გამარჯვების გოლით, ბენფიკამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 9 ქულით 24-ე პოზიცია დაიკავა და პლეი-ინში თამაში გაინაღდა.

16 გუნდი ე.წ პლეი-ინში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 8 მერვედფინალისტი სწორედ მათ შორის გაირკვევა. პლეი-ინის წილისყრა პარასკევს, 30 იანვარს გაიმართება, მატჩები კი 17-18 და 24-25 თებერვალსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები