Belive

"ის კარგად ვერ ცურავს" - ნიცას ფანებმა ტრაგიკულად დაღუპულ ფეხბურთელს დასცინეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში "ნიცას" გულშემატკივარებმა უღირსი საქციელი ჩაიდინეს - "სენტ-ეტიენთან" შინ, 4:2 მოგებულ მატჩში ფრანგებმა ტრაგიკულად დაღუპულ ფეხბურთელს, ემილიანო სალას სიმღერით დასცინეს. როგორ წესი, არგენტინელი თავდამსხმელის ყოფილი გუნდები, "ნანტი" და "ბორდო" მე-9 წუთზე სალას პატივს სხვადასხვა ჟესტით მიაგებენ. თუმცა, გუშინდელ შეხვედრაში "ნიცას" ფანებმა დაღუპული ფეხბურთელი ასე მოიხსენეს: "ის არგენტინელია, რომელიც კარგად ვერ ცურავს, ემილიანო წყლის ქვეშ". შეგახსენებთ, რომ 2019 წელს სალა "ნანტიდან" "კარდიფში" გადავიდა. ემილიანო საფრანგეთში თანაგუნდელებს დაემშვიდობა, რის შემდეგაც ის უელსში მიემგზავრებოდა პირადი თვითმფრინავით, რომელიც 21 იანვარს გაუჩინარდა. სალას ცხედარს ლა მანშის სრუტეში 3 თებერვალს მიაკვლიეს. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის თასის ფინალში, "ნიცა" სწორედ "ნანტმა" დაამარცხა. როგორც ჩანს, მასპინძელთა გულშემატკივარმა "სენტ-ეტიენთან" მატჩისას "შურისძიება" ასე გადაწყვიტეს. თამაშის შემდგომ "ნიცამ" საკუთარი ქომაგების საქციელი მკაცრად დაგმო და ემილიანოს სალას ოჯახს ბოდიში მოუხადა. კომენტარი გააკეთა მთავარმა მწვრთნელმაც.
"სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ აღვწერო ის, რაც გავიგონე," - ამბობს კრისტოფ გალტიე. "გასახდელში ჩვენი პირველი რეაქცია იყო არა სიხარული, ან ემოციების გამოხატვა, არამედ საუბარი იმის შესახებ, თუ რა გაიგეს ფეხბურთელებმა. სტადიონზე ბევრი რამ უთქვამთ, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც სულაც არ ყოფილან მცირე რაოდენობის, სახლებში უნდა დარჩნენ. ეს ყველაფერი ჩემთვის დაუჯერებელია. სიტყვები არ მყოფნის..."

სხვა სტატიები