Belive

ინფანტინოს FIFA-ს წილის გაყიდვა გადააფიქრებინეს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ FIFA უარს ამბობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ჩემპიონატის გარკვეული წილი კერძო ინვესტორებზე უნდა გაყიდულიყო.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას სურდა შეექმნა ახალი კომპანია, რომელიც მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების კომერციულ ოპერაციებს გაუძღვებოდა, თუმცა კერძო ინვესტორებისგან 4.2 მილიარდი დოლარის მოზიდვის გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა.

ამ კვირაში გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ, UEFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირებით დაიმუქრა და FIFA სპორტის „სულის გაყიდვაში“ დაადანაშაულა.

ყველა პოზიციის ყურადღებით მოსმენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პროექტმა ისეთი განხეთქილება გამოიწვია, რომელიც მხარდაჭერის დონის მიუხედავად, აღარ შეესაბამება თავდაპირველად დასახულ მიზნებს. - აღნიშნულია ინფანტინოს ოფიციალურ განცხადებაში

რატომ ეწინააღმდეგებიან FIFA-ს პროექტს?

FIFA-ს მთავარი მიზანი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატებიდან და კლუბების მსოფლიო თასიდან შემოსავლების გაზრდაა. გეგმის თანახმად, კომერციული საქმიანობის გასაძღოლად ორგანიზაციას ახალი კომპანია — FIFA Forward Enterprise (FFE) უნდა შეექმნა.

FIFA საკონტროლო პაკეტს (უმრავლესობის წილს) შეინარჩუნებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო მმართველობა, სათამაშო კალენდარი და მოედანზე მისაღები გადაწყვეტილებები ისევ მის ხელში დარჩებოდა.

თუმცა, მთავარი უკმაყოფილება კერძო ინვესტიციების სახით 4.2 მილიარდი დოლარის მოზიდვის მცდელობამ გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო ინვესტორებს FFE-ში მხოლოდ უმცირესობის წილი ექნებოდათ, ისინი მაინც მოითხოვდნენ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას, რასაც შესაძლოა პირდაპირი გავლენა მოეხდინა როგორც ფეხბურთელებზე, ისე გულშემატკივრებზე.

გარდა ამისა, არსებობდა რისკი, რომ კერძო ინვესტორებს FIFA-ზე ზეწოლა მოეხდინათ ტურნირის მასშტაბების გაზრდის ან მისი ოთხ წელში ერთხელზე უფრო ხშირად ჩატარების მიზნით.

სხვა სტატიები