Belive

იმედგაცრუება | ლამპარდმა დუმილი დაარღვია

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"ჩელსი" პრემიერ ლიგაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, რის გამოც 25 იანვარს, "სტემფორდ ბრიჯის" ლეგენდა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ფრენკ ლამპარდმა დუმილი დაარღვია და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან სიტუაციის გამოსწორებისა და "ჩელსის" მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი არ მიეცა. მაურიციო სარის გათავისუფლების შემდეგ, "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრენკ ლამპარდმა დაიკავა - ლონდონური კლუბის მენეჯერის პოსტზე მოღვაწეობის 18-თვიანი პერიოდი, ლამპარდისთვის ოფიციალურად 25 იანვარს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ლამპარდი "ჩელსის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა, მისმა სტატუსმა წინამორბედის ბედის გაზიარებისგან ვერ იხსნა. მიმდინარე სეზონი "არისტოკრატებმა" კარგად დაიწყეს, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ლონდონელები საკუთარ თავს არ ჰგვანან და სატურნირო ცხრილის სალიდერო პოზიციებიდან მე-9 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ. ლამპარდის გათავისუფლებას, რომან აბრამოვიჩი ოფიციალური მოხსენებით გამოეხმაურა. რუსი ოლიგარქის მტკიცებით, ლამპარდთან იდეალური ურთიერთობა აქვს და იგი "სტემფორდ ბრიჯზე" მუდამ სასურველი პერსონა იქნება. მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა Instagram-ზე პოსტი განათავსა:

"უდიდესი პრივილეგია და პატივია "ჩელსის" გაწვრთნა. კლუბი, რომელიც დიდი ხანია ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, მათგან 18-თვის განმავლობაში უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი. იმედია, იციან, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. "როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტს დავთანხმდი, სრულად მქონდა გააზრებული ის გამოწვევები, რომლის წინაშეც რთულ სიტუაციაში მყოფი კლუბი დგას. ვამაყობ იმ წარმატებით, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. ვამაყობ აკადემიის აღზრდილი იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ძირითად გუნდში დაწინაურდნენ და თავი ჩინებულად წარმოაჩინეს. ისინი კლუბი მომავალი არიან. იმედგაცრუებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში სიტუაციის გამოსწორებისა და "ჩელსის" დაწინაურების შესაძლებლობა არ მომეცა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ აბრამოვიჩს, ბორდს, ფეხბურთელებს, ჩემს სამწვრთნელო შტაბსა და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც "ჩელსის" თავდაუზოგავად ემსახურება - განსაკუთრებით ამ რთულ და გამომწვევ პერიოდში. კლუბს და გუნდის წევრებს მომავალში წარმატებას ვუსურვებ."
ლამპარდის შესაცვლელად "ჩელსი" დროს არ კარგავს. გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელის პოსტს "დორტმუნდისა" და "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ტომას ტუხელი ჩაიბარებს.  

სხვა სტატიები