Belive

იბრაჰიმოვიჩმა მარადონაზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს დიეგომ არგენტინას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიტანა. მარადონას გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის: პელე, მესი, რონალდუ, გვარდიოლა, კლოპი და სხვა. Sky Sports-თან ინტერვიუში ლეგენდარულ არგენტინელზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც ისაუბრა. "მილანის" შემტევის აზრით, მარადონა ყველაფერს სულით და გულით აკეთებდა, ამიტომ ის სამუდამოდ ემახსოვრებათ. იბრაჰიმოვიჩის თქმით, მარადონას გამოხტომებს მოედნის გარეთ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისი, როგორც ფეხბურთელისა და როგორც ადამიანის მემკვიდრეობის შეფასებისთვის. არგენტინელი გენიოსი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას და ასევე ალკოჰოლსაც გადაჭარბებული რაოდენობით მოიხმარდა. მიუხედავად ამისა, ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.
" ძალიან ვწუხვარ დიეგოს გამო, ის ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთი. ბევრისთვის ის რელიგია გახდა, მე მქონდა ბედნიერება, გამეცნო მარადონა და მესაუბრა მასთან",- აცხადებს იბრაჰიმოვიჩი. " ის იმის სიმბოლოა, რასაც მოედანზე აკეთებდა. მასზე მე ყოველთვის იმის მიხედვით ვმსჯელობ, რასაც მოედანზე აკეთებდა, ხოლო მის გარეთ მისი საქციელი მისი პრობლემა იყო და არა ჩვენი. ჩვენ ის უნდა გვახსოვდეს იმის გამო, რაც მან გააკეთა როგორც ფეხბურთელმა. ჩემი აზრით, ის სამუდამოდ ემახსოვრებათ. 10 ნომერს რომ ხედავთ, ვინ გახსენდებათ? მარადონა",- ამბობს იბრაჰიმოვიჩი.
შვედმა ფეხბურთელმა დაამატა, რომ მარადონა ნამდვილი გენიოსი იყო, რომელსაც სხვებისგან განსაკუთრებული სწრაფვა გამოარჩევდა, ცხოვრებაში არადროს თამაშობდა - ისეთი იყო, როგორიც ჩანდა. ყველაფერს გულით და სულით აკეთებდა, ამიტომ ის ყოველთვის იქნება ნომერი პირველი.    

სხვა სტატიები