იბერიას ევროთასებზე გამოსვლის გამო მატჩები გადაუვადეს
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროთასებზე მხოლოდ ერთი ქართული კლუბი შემორჩა - იბერია 1999 ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თბილისურ კლუბს საქართველოს ჩემპიონატში ხელს უწყობენ და ფედერაციამ ამ პერიოდში ჩანიშნული მატჩები გადაავადა. იბერიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით მადლობა გადაიხადა.
საფეხბურთო კლუბი იბერია 1999 გულწრფელ მადლობას უხდის ყველა იმ კლუბსა და ორგანიზაციას, რომლებიც უეფას საკლუბო ტურნირის მატჩების პერიოდში გვერდში დაგვიდგნენ.
მადლობას ვუხდით საფეხბურთო კლუბ მარგვეთი 2006-ს, რომელმაც ჩვენი თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს თასის შეხვედრა ზესტაფონიდან თბილისში გადმოიტანა.
ასევე, მადლობას ვუხდით საფეხბურთო კლუბ სამტრედიას ხვალინდელი სათასო მატჩის გადადებისთვის და საფეხბურთო კლუბ დილას 8 აგვისტოს ეროვნული ლიგის შეხვედრის გადატანისთვის.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. - ვკითხულობთ განცხადებაში
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიას მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდიური ლარნე იქნება. პირველი შეხვედრა გასვლაზე, 4 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე ინვერ პარკზე გაიმართება.
განმეორებითი მატჩი 11 აგვისტოს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.