იამალის მამა მორიგ სკანდალში გაეხვა - მას პატიმრობა ემუქრება
ლამინ იამალის ოჯახი მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, თუმცა ამჯერად მიზეზი ფეხბურთელის მორიგი წარმატება არ არის.
ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავის მამა, მუნირ ნასრაუი, ლონდონში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების გამგზავრებამდე, ბარსელონას აეროპორტში ინციდენტში გაეხვა. როგორც ცნობილი ხდება, აეროპორტის კაფეში მყოფმა ნასრაუიმ წესების დაცვაზე უარის თქმის გამო კონფლიქტი დაიწყო, რომელიც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა - იგი კაფეს თანამშრომლებსა და იქ მყოფ საზოგადოებას საჯაროდ დაუპირისპირდა.
კონფლიქტის მთავარი მიზეზი სრულიად უაზრო აღმოჩნდა - ნასრაუიმ ქურთუკი აკრძალულ ადგილზე ჩამოკიდა, რაზეც კაფეს მიმტანმა წესების დაცვისა და ტანსაცმლის აღების თხოვნით მიმართა. შენიშვნამ ფეხბურთელის მამა უკიდურესად გააღიზიანა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და, თვითმხილველთა მტკიცებით, მიმტანის სახეში შეფურთხება მოჰყვა. სიტუაციის განმუხტვა სცადა ერთ-ერთმა დამსწრე მგზავრმაც, თუმცა ნასრაუი მასაც ფიზიკურად დაუპირისპირდა - მუშტი დაარტყა და მას სკამის სროლით დაემუქრა, რის გამოც ადგილზე პოლიციის დაჩქარებული ჩარევა გახდა საჭირო. მიუხედავად მომხდარის სიმძიმისა, მან რეისზე ასვლა და ლონდონში გამგზავრება მაინც შეძლო, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ამ საქმის მიმართ გამოძიება უკვე დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ იამალის მამა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს (2 წლამდე პატიმრობით).
🚨 Mounir Nasraoui, le père de Lamine Yamal, aurait été impliqué dans une VIOLENTE ALTERCATION à l’aéroport de Barcelone, avant de s’envoler pour Londres à l’occasion du Ballon d’Or ! 😳🇪🇸
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) October 27, 2026
Tout serait parti d’une veste déposée à un endroit interdit. Après une remarque d’une… pic.twitter.com/c5nJ3221zg
სპორტული სამყაროსთვის მსგავსი ფაქტი პირველი არ არის, რადგან მუნირ ნასრაუის სახელი სკანდალებსა და სამართალდამცავებთან პრობლემებს პირველად არ უკავშირდება. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2024 წლის აგვისტოში მომხდარი ინციდენტიც, როდესაც ის მატაროს ერთ-ერთ პარკინგზე დანით მძიმედ დაჭრეს, ასევე მისი წარსული კონფლიქტები პოლიტიკურ აქტივისტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ლამინ იამალი საფეხბურთო მოედანზე თავისი წარმოუდგენელი ტალანტით ყველას აოცებს, მისი ოჯახური გარემოცვა და მამის სკანდალური ქცევები კლუბისა და ფეხბურთელის იმიჯს მუდმივად ჩრდილს აყენებს.