Belive

ჰოლანდიური მედია: კუმანი ნაკრებს ტოვებს და ბარსელონაში მიდის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რონალდ კუმანი, "ბარსელონასთან" მოლაპარაკებას აწარმოებს: ცნობილია, რომ ორ მხარეს შორის მოლაპარაკება 3-წლიან კონტრაქტს შეეხება. როგორც ჰოლანდიურ მედიაში ვკითხულობთ, რონალდ კუმანს ეროვნულ ნაკრებთან გაფორმებულ კონტრაქტში ერთი პუნქტი აქვს ჩადებული: "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს ნაკრებთან კონტრაქტის გაწყვეტა და "ბლაუგრანაში" გადასვლა ნებისმიერ წამს შეუძლია. კუმანი "ბარსელონაში" 1989-1995 წლებში თამაშობდა და იოჰან კრუიფის "საოცნებო გუნდის" წევრი იყო. კუმანს მისი ამპლუისთვის არცთუ დამახასიათებელი თვისება ჰქონდა: მას გამანადგურებელი სიძლიერის დარტყმა ჰქონდა და ამ უნარს გოლის გასატანად ხშირად იყენებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1992 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში "ბარსელონამ" იტალიური "სამპდორია" სწორედ კუმანის გოლით დაამარცხა. 57 წლის კუმანს არაერთხელ უთქვამს, რომ "ბარსელონაში" მუშაობა მისთვის კარიერის მწვერვალი იქნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში, კუმანი კამპ ნოუზე მუშაობდა, როდესაც იგი ლუის ვან გაალის თანაშემწედ დაინიშნა. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოზიცია ჯერჯერობით ვაკანტურია: კიკე სეტიენს მიუნხენის "ბაიერნთან" გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი (2:8) და სეზონის უტიტულოდ დასრულება, ცხადია, არ აპატიეს.
1997–1998 ნიდერლანდები (ასისტენტი)
1998–2000 ბარსელონა (ასისტენტი)
2000–2001 ვიტესი
2001–2005 აიაქსი
2005–2006 ბენფიკა
2006–2007 პსვ
2007–2008 ვალენსია
2009 აზ ალკმაარი
2011–2014 ფეიენორდი
2014–2016 საუთჰემპტონი
2016–2017 ევერტონი
2018 ნიდერლანდები

სხვა სტატიები