Belive

გვარდიოლას შედევრი: როგორ მოიგო პეპმა ტრიპლეტი

10 თვის წინ ფეხბურთი
8 წთ

იმ დღიდან, ანუ 2008 წელს, როდესაც "მანჩესტერ სიტი" არაბულმა "აბუ დაბი იუნაიტედმა" შეიძინა, მანჩესტერული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობდა. მიზნისკენ სწრაფვა კიდევ უფრო ხილული მას შემდეგ გახდა, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაინიშნა (2016).

15 წელი და £2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია - "სიტიმ" მიზანს მიაღწია. ეს გრძელი გზა იყო, თუმცა დღეს თამამად შეიძლება იმისი თქმა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდის სათავეში პეპ გვარდიოლა დგას.

ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფით, "მანჩესტერ სიტი" გახდა მეორე გუნდი ინგლისის ისტორიაში, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი, პრემიერ ლიგა და FA თასი ერთ სეზონში მოიგო. აქამდე ეს მიღწევა "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნოდა, თუმცა მანჩესტერში დღეს უკვე ორხელისუფლიანობაა - ეს მიღწევა "სიტის" ფანებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

ქვემოთ მოცემულ სტატიაში იმ ფაქტორებს განვიხილავთ, რომელთა დახმარებითაც, გვარდიოლამ ფენომენალურ წარმატებას მიაღწია და "მანჩესტერ სიტი" ისტორიულ სიმაღლეზე აიყვანა.

ჰოლანდის ფაქტორი

გვარდიოლამ შესანიშნავი გუნდი არაერთხელ ჩამოაყალიბა, თუმცა საწადელს "სიტიში" ვერა და ვერ მიაღწია. თვალნათლივ ჩანდა, რომ გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცენტრალური თავდამსხმელის უქონლობა გახლდათ. მაგალითისთვის, გაგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ჩელსისთან", "სიტიმ" ფორვარდის გარეშე ითამაშა.

შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ერლინგ ჰოლანდმა ის უკანასკნელი პრობლემა გადაჭრა, რომელიც პეპს ტრიუმფში ხელს უშლიდა. სადებიუტო სეზონში, ნორვეგიელმა 52 გოლი გაიტანა, თუმცა მან გუნდს სტატისტიკაზე გაცილებით მეტი შესძინა.

მეტოქის საჯარიმოში ყოფნისას, ჰოლანდი ძალიან ბევრ ყურადღებას იპყრობს. მისი განეიტრალება ურთულესია. შესაბამისად, დაცვაში მყოფი გუნდის მისია რთულდება: გვარდიოლას შეგირდები ბურთს სწრაფად ათამაშებენ, კომბინირებენ და თავისუფალ სივრცეებს ეძებენ, ამ დროს კი ნორვეგიელი გიგანტი საკუთარ შანსს ჩასაფრებული ელოდება. არის სწრაფი, ურტყამს ფენომენალურად, სახიფათოა მეორე სართულზე და დამატებაზე ბურთთან ყოველთვის პირველი ჩნდება.

ჰოლანდი განსაკუთრებულ ყურადღებას მოედნის მიღმაც საჭიროებს. The Times-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა შეფ-მზარეულმა, ნორვეგიელი ფორვარდისთვის სპეციალური დიეტა შეიმუშავა, რომელშიც 200 გრამით მეტი საკვებია გათვალისწინებული, ვიდრე ჰოლანდის თანაგუნდელებისთვის. ცნობილია ისიც, რომ ჰოლანდის სურვილისამებრ, მის რაციონში უმაღლესი ხარისხის ორაგული ყოველთვის გათვალისწინებულია.

კანსელუს გაშვება და გუნდის გადახალისება

გვარდიოლა არასასურველი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებას არასოდეს ერიდებოდა. მსოფლიო ფეხბურთმა, სამწვრთნელო დონეზე, იგი სწორედ ასე გაიცნო: "ბარსელონას" ჩაბარებისთანავე, გუნდიდან რონალდინიო და დეკო გაუშვა, ასევე არასასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა ეტო'ოსთან და ზლატანთან, რომლებმაც გუნდი უთანხმოების დაწყებიდან მალევე დატოვეს.

მიმდინარე სეზონში, ჟოაუ კანსელუ "სიტიში" ბრწყინავდა. შესანიშნავი იყო დაცვაში და კიდევ უფრო გამორჩეული - შეტევაში. გაჰქონდა გოლები და აკეთებდა საგოლე გადაცემებს, მაგრამ გვარდიოლასთვის ეს საკმარისი არ გახლდათ. ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნა პორტუგალიელმა ვერ აიტანა. The Times-ი იმასაც წერს, რომ შეკრების და ტაქტიკაზე საუბრის დროს, კანსელუ "ბავშვივით იქცეოდა": იატაკზე იჯდა და დემონსტრაციულად, ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა.

გვარდიოლამ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო: შუა სეზონში, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, იჯარის წესით "ბაიერნში" გაუშვა. თითქოსდა უცნაური გადაწყვეტილება იყო: მიუნხენური გრანდი ხომ ჩემპიონთა ლიგაზე "სიტის" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო, მაგრამ ყველაფერი გვარდიოლას სასიკეთოდ წარიმართა. ეს გუნდები ერთმანეთს გადაეკვეთნენ, სადაც პირველ მატჩში კანსელუს არც უთამაშია (მატჩი "სიტის" სასარგებლოდ, ანგარიშით 3:0 დასრულდა).

კანსელუმდე, გვარდიოლა გაბრიელ ჟეზუსს, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და რაჰიმ სტერლინგს გამოემშვიდობა - ფეხბურთელებს, რომლებიც უფრო მეტ სათამაშო დროს მოითხოვდნენ. ამ სეზონმა აჩვენა, რომ მათი არყოფნა გუნდს საერთოდ არ უგრძვნია.

ტაქტიკური ინოვაციები

გვარდიოლას ისიც ახასიათებს, რომ ფეხბურთელებს ახალ პოზიციას ანიჭებს, რაც ხშირ შემთხვევაში, ამართლებს კიდეც. გავიხსენოთ, თუ როგორ ათამაშებდა მასკერანოს დაცვის ცენტრში, ლამს ცენტრალურ ნახევარდაცვაში, ხავი მარტინესს ასევე დაცვაში და ა.შ.

მაგრამ კიდევ უფრო მეტად მოულოდნელი იყო ჯონ სტოუნსისთვის ჰიბრიდული პოზიციის გამონახვა: მატჩის განმავლობაში, სტოუნსი ხან მცველად, ხანაც - ჩამშლელ ნახევარმცველად გვევლინება.

ფაქტია, რომ გვარდიოლა ფეხბურთელებისგან მაქსიმალურს ითხოვს, თუმცა ამასთან ერთად, მათ ნდობას უცხადებს. სტოუნტის პარალელურად, ცენტრალურ მცველს, ნათან აკეს, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში დაავალა. მანუელ აკანჯის კი იქ აყენებდა, სადაც იმ მომენტში გუნდს სჭირდებოდა.

"6-7 წლის განმავლობაში, ერთი და იმავე მიდგომით წარმატებას ორი მიზეზის გამო ვერ მიაღწევ. პირველი მიზეზია ის, რომ გუნდში ფეხბურთელები იცვლებიან. მეორე კი ის, რომ მეტოქე შენს შესწავლას იწყებს. მან იცის, თუ როგორ დაიცვას შენგან თავი. ის ხვდება იმ საიდუმლოებებს, რომელსაც ატარებ. შედეგად, ქმნის სისტემას, რომლითაც თავსაც იცავს და შეტევაზეც გადმოდის. ასე რომ, ცვლილებები საჭიროა", - თქვა ესპანელმა.

სიტი ყველას სჯობდა

ეს სეზონი "სიტისთვის" მხოლოდ იმით არ იყო გამორჩეული, რომ გუნდმა ტრიპლეტის მოგება შეძლო. გუნდმა წარმატებას მიაღწია ისე, რომ გზად ყველა და ყველაფერი, განსაკუთრებით კი პრინციპული მეტოქები გაანადგურა.

ოქტომბერში, "ეტიჰადზე", "სიტიმ" მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და ანგარიშით 6:3 გაანადგურა. სეზონის მიწურულს, "იუნაიტედს" FA თასის ფინალშიც უშანსოდ მოუგო.

"სიტიმ" უნაკლოდ ითამაშა "ლივერპულთანაც". უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში, ინგლისში, სწორედ კლოპის შეგირდეგი უწევდნენ პეპის გუნდს ღირსეულ წინააღმდეგობას. ამის მიუხედავად, აპრილში, "სიტიმ" "ლივერპული" 4:1 გაანადგურა.

სატიტულო ბრძოლაში, "სიტიმ" ლონდონის "არსენალი" დაჩაგრა (ასევე 4:1) და ყველა კითხვას პასუხი გასცა. იმის მიუხედავად, რომ თამაშის შემდეგ ცხრილის სათავეში კვლავ "არსენალი" დარჩა ("სიტის" ნაკლები მატჩი ჰქონდა ჩატარებული), ყველასთვის ნათელი იყო, რომ ამ შანსს გვარდიოლა ხელიდან არ გაუშვებდა და ყველა მატჩს მოიგებდა.

"სიტი" განსაკუთრებით დაუნდობელი იყო ჩემპიონთა ლიგაზე: ჰოლანდის შესანიშნავი თამაშის ფონზე, აღიგავა პირისგან მიწისა "ლაიფციგი" (7:0), რასაც "ბაიერნის" 3:0 ძლევა და რაც მთავარია, "მადრიდის რეალის" უშანსო განადგურება მოჰყვა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "რეალს" "სიტი" ორჯერ ჰყავდა დამარცხებული. თავად კარლო ანჩელოტიმ კი, არცთუ შორეულ წარსულში, "ბაიერნის" სათავეში მყოფ გვარდიოლას 1:0, 4:0 მოუგო. გვარდიოლამ კი ყველაფერზე იძია შური.

"რეალთან" განმეორებითი მატჩი, ალბათ "სიტის" ისტორიაში საუკეთესო პერფორმანსი იყო. თავად გვარდიოლას სიტყვებს თუ დავუჯერებთ, ამაზე კარგად მის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე არასოდეს უთამაშია.

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: გვარდიოლამ ყველა და ყველაფერი დაამარცხა. "ინტერმა" ბოლო წამამდე ღირსეულად იბრძოლა და თუ თეორიულად დავუშვებთ იმას, რომ იტალიურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა იმ მატჩში შეეძლო, კითხვაზე, თუ ვინ იყო 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო გუნდი, ყოველთვის მხოლოდ ერთი პასუხი იარსებებს: "მანჩესტერ სიტი".

სხვა სტატიები