გვარდიოლა არსენალზე: "წავაგებთ და ბრძოლაც დასრულდება"
დიდი ალბათობით, 19 აპრილს, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. მანჩესტერ სიტი საკუთარ მოედანზე არსენალს მასპინძლობს.
ამჟამად „მეთოფეები“ ცხრილის სათავეში არიან და სიტის ექვსი ქულით უსწრებენ, ლონდონელებმა ერთი თამაშით მეტი ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას გუნდის გამარჯვება მათ ქულების გათანაბრების შანსს მისცემს, თუმცა, თუ სიტი არსენალთან წააგებს, 6-ქულიანი სხვაობის ამოსაქაჩად 5 ტური რჩება და გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ეს ძალიან დიდი ჩამორჩენა იქნება.
კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რეალობა ისაა, რომ პრემიერ ლიგაში შვიდი თამაში დაგვრჩა და ეს გადამწყვეტი მომენტია.
თუ ჩვენ 95 წუთის განმავლობაში ისე ვითამაშებთ, როგორც კარაბაოს თასის მეორე ტაიმში (სიტიმ 2:0 მოუგო არსენალს), მაშინ ჩვენ მოვიგებთ. ვიცნობ მიკელს (არტეტა), ისინი რაღაცას შეცვლიან და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
კარაბაოს თასი მნიშვნელოვანია, მაგრამ პრემიერ ლიგა გაცილებით მეტია. მათ 22 წელია ეს თასი არ მოუგიათ, ამიტომ მენტალურად ჩვენზე წინ არიან - თუ წავაგებთ, ყველაფერი დასრულდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მართლაც ისაა, რომ მათ ჩვენზე მეტად უნდათ ტიტულის მოგება, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ მენტალურ მდგომარეობაზე - ეს ასეა.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ არსენალს და მათ სათამაშო ხარისხს - მათ ამ სეზონში რაღაც უნიკალურს მიაგნეს. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ
არსენალს პრემიერ ლიგა 2004 წლის შემდეგ არ მოუგია, მანჩესტერ სიტი კი ბოლო წლებში, ინგლისში, უპირობო ლიდერია - გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ჩემპიონობა 6-ჯერ იზეიმა და აქედან 4-ჯერ ზედიზედ (2021 წლიიდან 2024 წლის ჩათვლით). მთლიანობაში, არსენალს პრემიერ ლიგის 13, ხოლო სიტის 10 ტიტული აქვს.