Belive

გურამ კაშია: "ფინალის გახსენება არ მინდა, ხვალ სხვა რეალობა იქნება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.

მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა. 

"ყოველთვის, ნებისმიერი სანაკრებო შეხვედრის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯგუფის მოგებასთან ახლოს ხარ, წნეხი არსებობს, მგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს წნეხი არ არის. პირიქით, ძალიან გვიხარია, რომ გულშემატკივარი ტრიბუნიდან დაგვეხმარება და იმედი მაქვს, მათთან ერთად შევძლებთ წარმატების მიღწევას. 

ლუკა ლოჩოშვილი ძალიან პროფესიონალი ფეხბურთელია. მას რამდენიმე წელია ვიცნობ და ვიცი, თუ როგორ უყვარს თავის თავზე შრომა და გაუმჯობესება. მიხარია, რომ ეს ფეხბურთელი ტოპ ლიგაში მოხვდა. სერია A-ში მის სამ მატჩს ვუყურე და მახარებს მისი პროგრესი.

აღარ მინდა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალური შეხვედრა გავიხსენო, რომელიც სულ სხვა რეალობაში წარიმართა - კოვიდპანდემიის, ტრავმირებული ფეხბურთელებისა და პრობლემების ფონზე. იმედი მაქვს, რომ ხვალ განსხვავებული მატჩი და შედეგი იქნება.

ჩაკვეს, როგორც ფეხბურთელს ინდივიდუალურად არ ვიცნობდი და მხოლოდ სანაკრებო შეკრებაზე ვხედავდი. რაც შეეხება კლუბში მასთან შეხებას, მე აქ ვნახე, თუ როგორი პროფესიონალია ის, რამდენ დროს ატარებს სპორტ-დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშში და როგორ უყვარს შრომა. ის ფეხბურთით ცხოვრობს, უბრალოდ ძალიან დიდი დრო გაუცდა და იმედი მაქვს, მალე დაბრუნდება ისეთი, როგორიც გვახსოვს".

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი სულ მცირე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები