Belive

"გუნდს პრობლემები აქვს, ეს დე ლაურენტისმაც თქვა" - კალცონამ დუმილი დაარღვია

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში, "რომასთან" გასამართი მატჩის წინ, მედიასთან ისაუბრა. მან გუნდში არსებულ ვითარებასა და სეზონის დარჩენილი ნაწილის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ემპოლისთან" მატჩში ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ თავის დაცვა გვიჭირდა. მაწუხებს, რომ ბევრ გოლს ვუშვებთ და ასევე გვაქვს შეტევითი პრობლემები. ამის შესახებ ფეხბურთელებს მივუთითე, რადგან კვირის დასაწყისში მათში ცოტა იმედგაცრუება დავინახე. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩემპიონატი საუკეთესოდ დავასრულოთ, იმედი მაქვს, გულშემატკივარსა და ქალაქს "რომასთან" მატჩში სიამაყის საფუძველს მივცემთ. "ჯალოროსები" კარგ ფორმაში არიან და მოტივაციის კუთხით ძალიან კარგად გამოიყურებიან.

მიზნები? ჩვენ სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. გეგმების დაწყობა არ გამოგვდის, რადგან იძულებულები ვართ, მხოლოდ მატჩიდან მატჩამდე ვიფიქროთ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ ვართ, მაგრამ ბიჭებს ვთხოვე, კონკრეტულად "რომასთან" მატჩზე კონცენტრირდნენ. კმაყოფილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ ვნახავ კარგ თამაშს, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ.

მიმართვა გულშემატკივრებს? მე არაფერი მაქვს სათქმელი მათთვის, ჩვენ გვექნება სავსე სტადიონი "მარადონაზე" და ვიცით, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ. ჩვენ უნდა გამოვხატოთ მათი სურვილი: ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ამდენი ადამიანი დაგვყვება ყველგან, სადაც დავდივართ, თუმცა, ჩვენი თვისებების სრულფასოვნად გამოვლენას ვერ ვახერხებთ.

გუნდს პრობლემები აქვს და ეს დე ლაურენტისმაც თქვა, ის ძალიან კარგია და ჩემთან ახლოსაა. ვინც აქ მოვიდა ელმასის, ლოზანოსა და კიმის ნაცვლად, დიდი გავლენა არ ჰქონიათ: ეს ყველაფერი მათი ბრალი არ არის, ისინი ჩამოვიდნენ პრაქტიკულად სეზონის სტარტზე. მე პირადად უფრო ნაკლებ პრობლემებს ველოდი, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდი, რომ სიტუაცია არ იყო ისეთი, როგორსაც მოველოდი.

"ემპოლისთან" მატჩს აკლდა გამარჯვების სურვილი. "ფროზინონესთან" ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, მეტი სურვილი დავინახე. ვერ ვხედავ, რომ მოთამაშეები მეტს დარბიან თანაგუნდელის შეცდომის გამოსასწორებლად. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება. არ ვარ მზად, ასე დავასრულოთ სეზონი და მე ეს ვუთხარი ფეხბურთელებს.

"რომა" ძალიან კარგად მუშაობს გასულ პერიოდში და ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს. ჩვენ საკუთარი შესაძლებლობები უნდა ვიპოვოთ და შევეცადოთ, რომ ამ რთული პერიოდიდან გამოვიდეთ", - თქვა "ნაპოლისა" და სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

იტალიის სერია A-ში ნეაპოლელებს 49 ქულა აქვთ დაგროვებული და მერვე პოზიციას იკავებენ, შემდეგი შეხვედრა კი 28 აპრილს, "რომასთან", საშინაო კედლებში უნდა გამართონ. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები