Belive

გულშემატკივარი თურქეთში არ უნდა გაემგზავროს | ბრიტანეთის მთავრობის რეკომენდაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრის გრანტ შაპსის განცხადებით, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალს არ უნდა დაესწრონ. ევროპული ფეხბურთის მთავარი მატჩი სტამბოლში, 29 მაისს გაიმართება, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა თურქეთი COVID-19-ის "წითელ სიაში" შეიყვანა. შაპსის განცხადებით, "წითელ ზონაში" მოქცეულ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ჩასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც საქმე გადაუდებელ შემთხვევას ეხება. მისივე თქმით, ბორის ჯონსონის ადმინისტრაცია ინიციატივას გამოთქვამდა, რომ მატჩი დიდ ბრიტანეთში გამართულიყო, თუმცა ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მხოლოდ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (უეფა) უნდა მიიღოს.
"იქედან გამომდინარე, რომ ფინალში გასული ორივე კლუბი ინგლისურია, ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს", - აღნიშნა მან.
BBC-ის ინფორმაციით, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა გამოსავალს ეძებს - ფეხბურთელებისთვის და გუნდში მომუშავე თითეული ადამიანისთვის, მთავრობამ გარკვეული გამონაკლისი უნდა დაუშვას. არსებული დადგენილებით, "წითელი ზონიდან" დაბრუნებულმა ბრიტანეთის თითოეულმა მოქალაქემ, მთავრობის მიერ ნებადართულ კოვიდ სასტუმროში 10 დღე უნდა გაატაროს. ცხადია, ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს მოთამაშეებზე, რომლებმაც ევრო 2020-ში მონაწილეობა უნდა მიიღონ: ტურნირი 11 ივნისს აიღებს სტარტს. იმ შემთხვევაში, თუკი ჩემპიონთა ლიგის ფინალს უეფა მართლაც დიდ ბრიტანეთში გადმოიტანს, საინტერესოა, თუ რომელი სტადიონი უმასპინძლებს სეზონის უმთავრეს მატჩს. ჯერჯერობით, "უემბლი" დაჯავშნილია: 29 მაისს, დიდი ბრიტანეთის მთავარი საფეხბურთო სტადიონი ჩემპიონშიპის ფინალს უმასპინძლებს. 7 მაისის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 მილიონამდე შემთხვევაა დარეგისტრირებული (ბოლო 1 დღეში 20,107 შემთხვევა) - ამ მაჩვენებლით, ჩვენი მეზობელი მხოლოდ აშშ-ს, ინდოეთს, ბრაზილიასა და საფრანგეთს ჩამორჩება.

სხვა სტატიები