Belive

GOAL: "დაიწყებს თუ არა კვარა ბარსასთან? - ენრიკეს მთავარი საფიქრალი"

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის (ლიგის ფაზა) მესამე ტურის ცენტრალური დაპირისპირება პარიზში შედგება. ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი ბარსელონა, ამ ტურნირის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულ პსჟ-ს ეწვევა და ჩვენთვის მთავარი კითხვა ისაა, დაიწყებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში. ბრიტანული მედიაპორტალიც სწორედ ამის შესახებ აქვეყნებს სტატიას და წერს, რომ ლუის ენრიკეს მთავარი საფიქრალი სწორედ ეს არის.

ბარსელონასთან მატჩის წინ, ენრიკე კვარაცხელიასთან დაკავშირებით, სარისკო არჩევანის წინაშე დგას.

ლუის ენრიკემ უნდა განსაზღვროს, ღირს თუ არა ბარსელონასთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში ჩართვით გამოწვეული რისკი - პარიზელთა ვინგერს სათამაშო რიტმი აკლია, მარცხენა ფლანგზე კი კონკურენცია უკიდურესად მაღალია.

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავი იყო, მიმდინარე სეზონს არადამაჯერებლად ატარებს. ის პსჟ-ს ევროტურნირების საწყის ორ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა: ბრატისლავის სლოვანთან საერთოდ სათადარიგო დარჩა, ხოლო მანჩესტერ სიტისთან შეხვედრის მიწურულს ჩართვამ ვითარება არსებითად ვერ შეცვალა.

კონკურენციას აძლიერებს შესანიშნავ ფორმაში მყოფი დეზირე დუე, რომელმაც სლოვანთან შეცვლაზე შესვლისას დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სტრასბურგთან მატჩმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა - კვარაცხელიას მიერ დაკარგულმა ბურთმა პსჟ-ს კარში გოლი მოიტანა, რამაც სასტარტოში მისი მოხვედრის შანსები შეამცირა.

კვარას მხარდაჭერა გამოუცხადა ვიტინიამ. მისი თქმით, ფეხბურთელების კარიერაში არის აღმასვლა და ვარდნა, სტაბილურობა იშვიათია და გუნდი იმედოვნებს, რომ ხვიჩა და სხვები თამაშის დღეს საუკეთესო კონდიციაში იქნებიან.

ერთი მოსაზრებით, კვარაცხელიას უსმან დემბელესა და დუეს გვერდით დაბრუნება გუნდს თამაშის ხარისხს დაუბრუნებს. ნუნო მენდეშის ტრავმის ფონზე, მისი ჩართვა დაცვით კომპონენტშიც წაადგება მარცხენა მცველს, რომელსაც ლამინე იამალის წინააღმდეგ მოუწევს თამაში (და არა მხოლოდ საიმედოობა შეტევაში).

საპირისპირო, უფრო მკაცრი პოზიცია გულისხმობს ფეხბურთელის სკამზე დასმას, რათა უპირატესობა მიმდინარე ფორმას მიენიჭოს და ძირითადში დუე გამოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ გასული სეზონიც არასტაბილურად დაიწყო (პირველი გოლი ლიგა 1-ში მხოლოდ ნოემბერში, მე-12 ტურში გაიტანა). ჩემპიონთა ლიგაზე მან ატალანტას გაუტანა, ბარსელონასთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო ბაიერ ლევერკუზენთან ბრწყინვალედ ითამაშა - ფაქტები, რომლებიც ენრიკეს რთული არჩევანის წინაშე აყენებს. - ვკითხულობთ GOAL.COM-ის გამოქვეყნებულ სტატიაში

პსჟ-ს და ბარსელონას, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე, ორი დამაჯერებელი გამარჯვება აქვთ და უდანაკარგოდ მიდიან. აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიელებმა, სეზონის დაწყების დღიდან (შიდა ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც) ყველა თამაში მოიგეს.

სხვა სტატიები