Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ქართული კლუბების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამარჯვებულის მენტალიტეტის არ ქონაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო თბილისი" უეფას ჩემპიონთა ლიგას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე, ყაზახურ "ასტანასთან" - ორი მატჩის ჯამში - 2:3 მარცხის შემდეგ გამოეთიშა (1:1, 1:2) და უეფას ევროპის კონფერენს ლიგაზე გადაერთო.

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა შეხვედრა შეაფასა.

"ვფიქრობ, ორი თანაბარი გუნდის დაპირისპირება ვნახეთ. ასეთ მატჩებში, ჩემპიონთა ლიგაზე ის 1 წუთი ძალიან დიდ როლს თამაშობს, რომელშიც ჩვენ კონცენტრაცია დავკარგეთ და თამაში წავაგეთ. ამისთვის, გამოცდილების დაგროვებაა საჭირო. ეს ახალგაზრდული გუნდია და მათ ამ გამოცდილების დასაგროვებლად წლები სჭირდებათ. ამ დონეზე, მსგავს დაშვებულ შეცდომებს მეტოქე არ გაპატიებს. ამ მატჩებში გამოჩნდა, რომ დიახ, ჩვენ შეგვიძლია კარგად თამაში, მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღწევად გამოცდილება გვჭირდება.

ზორან მარუშიჩი იმის გამო დავიმატეთ, რომ გუნდში გამოკვეთილი 9 ნომერი არ გვყავდა, მაგრამ დღევანდელ მატჩში ის ტრავმირებული იყო და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა.

შრომას ჩვეულებრივ გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ეს დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ამ გუნდში 1 წელიწადია ვმუშაობთ, ძალიან ბევრი რამ შევძელით, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.

ფსიქოლოგია და მენტალიტეტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის. მე რამდენიც არ უნდა დავუძახო მოედანზე, მხოლოდ მწვრთნელის ფსიქოლოგიური მუშაობით შედეგი არ მოდის. პრობლემა ისაა, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვაქვს, დამთმობები ვართ და ეს დიდი პრობლემაა არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა ქართულ კლუბში. ამ საკითხზე პირადად ვიმუშავებ, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს კარგი განწყობით შევხვდეთ", - თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

"დინამო თბილისი" ევროპულ ტურნირებზე გამოსვლას უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც მალტის "ჰამრუნს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები