Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "მეტოქის დაუფასებლობა არ დაგვემართება, რადგან არავისზე მაღლა არ ვდგავართ"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას "დინამო თბილისი" ესტონური "პაიდეს" წინააღმდეგ 7 ივლისს, "დინამო არენაზე" გამართავს. მატჩის წინ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"დღეს ჩვენ არცერთ მეტოქეზე წინ არ ვართ და მიდგომის პრობლემა ამის გამო არ გვაქვს. ნებისმიერ მეტოქესთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. ჩვენ არ გვაქვს ის მდგომარეობა, რომ რომელიმე მეტოქეზე მაღლა ვგავართ და ამის გამო მოვდუნდეთ. იმედია დადგება დრო, როცა ამაზე სანერვიულო მექნება, მაგრამ დღეს ასე არ არის. "დინამო ბათუმთან" მატჩი ევროსეზონის წინ ძალიან კარგი იყო, რადგან ბევრი რამ დავინახეთ და ვისწავლეთ. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ მეკარის და მცველის პოზიციაზე გვაქვს პრობლემები, გაძლიერება ყველა პოზიციაზე გვჭირდება და ამ საკითხზე ვმუშაობთ. ულად-ომარ იმრანი განაცხადში იქნება, თუმცა არ ვიცი ითამაშებს, თუ არა ხვალინდელ შეხვედრაში, რადგანაც მისი თამაში მეორე გუნდში ვნახეთ და იდეალურ ფორმაში ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი თუ რა ეტაპამდე შეგვიძლია მისვლა. პროგნოზების გაკეთება ჩემი საქმე არ არის, ჩემი მიზანია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში წარმატებას მივაღწიოთ. ეს ეტაპი დავძლიოთ და შემდეგ უკვე "არარატ-არმენიაზე" ვიფიქრებ. დავით კობოური და გიორგი კუცია გუნდის სრულფასოვანი წევრები არიან, ისინი სრული დატვირთვით ვარჯიშობენ, შემადგენლობა და განაცხადი კი იმ ფეხბურთელებით დაკომპლექტდება, რომლებიც ყველაზე მეტად იქნებიან თამაშისთვის მზად. დინამო ბათუმის წარმატებაში ძალიან დიდი როლი აქვს გულშემატკივარს, იმ გარემოს, რომელიც ბათუმის სტადიონზე იქმნება, ეს გარემო თბილისში არ არის და ეს ჩვენ განსაკუთრებულად გვჭირდება. მათ გარეშე წარმატების და კონკრეტული შედეგის მიღწევა არა მხოლოდ საერთაშორისო სარბიელზე, არამედ საშინაო კედლებშიც ძალიან ჭირს. ამიტომ, მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ მოვიდეს ხვალინდელ შეხვედრაზე და მხარი დაგვიჭიროს. ლევან ხარაბაძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მას საკუთარი შესაძლებლობების მაღალ დონეზე წარმოჩენა შეუძლია, თუმცა მისი კარიერული განვითარება მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. თუ როგორ განვითარდება, საკლუბო და სანაკრებო დონეზე, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. მას უყვარს ფეხბურთი და სპორტის ამ სახეობის თამაში, თუმცა ფეხბურთს როგორც კარიერას, ისე არ უყურებს, არამედ, როგორც თამაშს. როცა დაფიქრდება იმაზე, რომ შეუძლია ამ თამაშით სარგებელი თავის კლუბს, ნაკრებს და ხალხს მოუტანოს, დარწმუნებული ვარ მაღალ დონეზე ითამაშებს">", - თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა.
"დინამო თბილისისა"  და ესტონური "პაიდეს" დაპირისპირება "დინამო არენაზე" 7 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები