Belive

გიორგი მამარდაშვილი მილანის სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა

4 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" 23 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი, იტალიური გრანდის "მილანის" სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა.

მთელი დღის განმავლობაში, იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მილანური გრანდი ქართველი მეკარის გადაბირებას იმ შემთხვევში ეცდება, თუ ისინი მაიკ მენიოსთან ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან და ამის საკმაოდ რეალური შანსია.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფრანგ მეკარეს "მილანთან" კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ფრანგი მისი ანაზღაურებით უკმაყოფილოა და ხელფასის 8 მილიონ ევრომდე გაზრდა მოითხოვა, რაზეც "მილანისგან" თავდაპირველად უარი მიიღო, შემდეგ კი მოლაპარაკების გადადება მოითხოვა.

ბოლო მონაცემებით, "მილანი" არ აპირებს 28 წლის ფრანგ მეკარესთან ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებას, შესაბამისად დიდია შანსი იმისა, რომ მენიომ კლუბი დატოვოს. მის პირველ შემცვლელად კი გიორგი მამარდაშვილს მოიაზრებენ.

ასევე, როგორც ცნობილი ხდება, "ვალენსიასთან" მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ესპანური მხარე ქართველ ფეხბურთელში მინიმუმ 40-50 მილიონს ითხოვს, რაზეც მილანური მხარე თანახმაა, რადგანაც ისინი მენიოს გაშვებით დაახლოებით 60-70 მილიონს გამოიმუშავებენ.

გარდა გიორგი მამარდაშვილისა, მილანური კლუბის მესვეურები კიდევ 2 მეკარეს: მიკელე დი გრეგორიოსა (მონცა) და ბენტოს (ატლეტიკო პარანაენსე) განიხილავენ.

სხვა სტატიები