გიორგი ჩელებაძე: "მატჩის შემდეგ მსაჯმა ახალი წესი ამიხსნა, მასთან პრეტენზია არ მაქვს"
4 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
"მატჩის შემდეგ მსაჯს ვესაუბრე და მან ამ გადაწყვეტილების კონკრეტული დეტალები ამიხსნა. როგორც გავიგე, ეს ახალი წესი ყოფილა, რომელზეც აქამდე ინფორმაცია არ მქონდა. დარტყმის წინ, ბოლო მომენტში პაუზის გაკეთება არ შეიძლება, დარღვევა სწორედ ამაში მდგომარეობს. კარიერის განმავლობაში ასე 10 ან 15 პენალტი გამიტანია და როცა მსაჯმა ეს თერთმეტმეტრიანი არ ჩათვალა, ძალიან გამიკვირდა, თუმცა ჩემი ბრალია, რომ ახალი წესი არ ვიცოდი. ასე რომ, გიორგისთან არანაირი პრეტენზია და კითხვები არ გვაქვს", - თქვა "შუქურას" 29 წლის შემტევმა.გიორგი ჩელებაძე "დინამო თბილისის" ლეგენდარული ცენტრალური თავდამსხმელის, რევაზ ჩელებაჯის ვაჟია, რომელიც პენალტების შესრულების განსაკუთრებული მანერით გამოირჩეოდა და ამ კუთხით საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. გიორგი ჩელებაძემ ჩვენთან საუბრისას კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა.
"პენალტის დარტყმის გამორჩეული ხერხი მამისგან ვისწავლე, თუმცა, ცხადია, მას ვერ შევედრები. ისე კი, ვცდილობ, ამ მხრივ ჩემი ტექნიკა უფრო მეტად დავხვეწო და განვავითარო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე უკეთესად გამომივა", - გვითხრა გიორგი ჩელებაძემ.