Belive

გიბრალტარის მწვრთნელი: "ამ მატჩში შედეგის დაგეგმვა რთულია, მაგრამ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" 2 ივნისს ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. მატჩის წინ, გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟულიო რიბასმა პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"გიბრალტარი პატარა ქვეყანაა და ჩვენ პატარა ისტორია გვაქვს. მოთამაშეების რაოდენობაშიც კი შეზღუდულები ვართ. თანაც 10 დღეში 4 მატჩის ჩატარება გვიწევს, რაც ყველა ნაკრებისთვის ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, შევეცდებით ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი გავიღოთ და ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო შედეგში ავსახოთ. ამ მატჩში შედეგის დაგეგმვა ძალიან რთულია. ჩვენ ზოგადად, მატჩის წინ ორჯერადად ვვარჯიშობთ, როგორც დღისით, ისე საღამოს და განსხვავებულ მეთოდებს ვიყენებთ. ყოველთვის ასე ვმუშაობთ, მას შემდეგ რაც გიბრალტარის ნაკრების მწვრთნელი ვარ. მოედანზე ჩვენი ძალების მაქსიმუმის გაღების გარეშე არ გავდივართ. ვცდილობთ, რომ საერთაშორისო მოთხოვნებს შევუსაბამოთ ჩვენი ძალები მატჩის დროს. წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ფეხბურთელებთანაც არ ვსაუბრობ მოსალოდნელ შედეგზე. მთავარია, რომ 90 წუთის განმავლობაშ ვიმუშაოთ. ჩვენი ბოლო მატჩის შემდეგ, ორივე ნაკრებში ბევრ რამ შეიცვალა, საქართველომ და ზოგადად ქართულმა ფეხბურთმა კი საგრძნობი პროგრესი განიცადა. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენი ამოცანა ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება და მათთვის პროფესიონალურ გზაზე ხელის შეწყობაა, თუმცა გვყავს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ 2019 წელსაც ითამაშეს", - თქვა ურუგვაელმა სპეციალისტმა.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები