Belive

გერმანელი მწვრთნელი რუსეთისთვის ორმაგ აგენტად მუშაობდა

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

ბრიტანული The Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 52 წლის კარსტენ ლინკე, რომელიც გერმანიაში საფეხბურთო მწვრთნელად მუშაობდა, რუსეთთან კავშირისა და ორმაგი აგენტობისთვის არის დაკავებული.

გერმანიის სადაზვერვო სამსახურმა ლინკე დეკემბერში დააკავა. The Telegraph-ის ინფორმაციით, იგი გერმანიის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი თავად გახლდათ და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ, გასაიდუმლოებულ ფაილებზე ხელი მიუწვდებოდა - მათ შორის ისეთზეც, რომელსაც ევროპული ქვეყნების სადაზვერვო სტრუქტურები ერთმანეთს უზიარებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია გერმანულ მედიაშიც გავრცელდა. Der Spiegel-ის თანახმად, კურიერის დახმარებით, ლინკე საიდუმლო ინფორმაციას ოფიციალურ მოსკოვს გადასცემდა - ნავარაუდევია, რომ მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებული საკითხებიც შედიოდა.

დაკავებამდე, კარსტენ ლინკეს საიმედო რეპუტაცია ჰქონდა მოპოვებული: მიიჩნეოდა, რომ გერმანიის სადაზვერვო სტრუქტურებში მას დიდი კარიერა ელოდებოდა.

გამოძიების თანახმად, ლინკე თავის პოზიციას ორმაგი აგენტობისთვის იყენებდა და გასულ წელს, მისი დახმარებით, ოფიციალურმა მოსკოვმა მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია მიიღო.

კარსტენ ლინკე - კარგი რეპუტაციის მქონე საფეხბურთო მწვრთნელი

კარსტენ ლინკე ბავარიის პატარა ქალაქ ვაილჰაიმში ცხოვრობდა, რომლის მოსახლებაც სულ რაღაც 20,000-ს შეადგენს. 51 წლის ბრალდებული საზოგადოების აქტიური წევრი გახლდათ: ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში, იგი სხვადასხვა ასაკობრივ ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობდა, თუმცა კითხვაზე, ვინ იყო იგი, პასუხობდა: "ჯარისკაცი."

ვაილჰაიმის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ლინკე ძირითადად საფეხბურთო საქმიანობით იყო ცნობილი, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ხანდახან, იგი რამდენიმე თვით იკარგებოდა.

“რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ვხედავდით. ასე ვიცოდით, რომ საზღვარგარეთ, სამხედრო მისიაში იმყოფებოდა. ვფიქრობდით, რომ მისი საქმიანობა ავღანეთთან იყო დაკავშირებული", - თქვა "TSV ვაილჰაიმის" მმართველმა დირექტორმა.

მწვრთნელების შეფასებით, ახალგაზრდა მოთამაშეებს იგი "მამასავით ეპყრობოდა" და დისციპლინის განსაკუთრებული მოთხოვნით, თუმცა სამართლიანობით გამოირჩეოდა. ლინკეზე იმასაც ამბობენ, რომ იგი დროის 95%-ს ფეხბურთს უთმობდა, თუმცა ამჟამად, იგი ევროპის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულ უმსხვილეს სკანდალთან არის დაკავშირებული.

ბარბექიუს წვეულება

The Telegraph იტყობინება, რომ ლინკემ საფეხბურთო კლუბში ბარბექიუს წვეულება დააორგანიზა, სადაც რუსეთში დაბადებულ გერმანელ ბიზნესმენს და გერმანიის შეიარაღებული ძალების ყოფილ წევრს, ართურ ე.-ს შეხვდა (პირს, რომელიც გასულ კვირას დააკავეს). სწორედ ეს ადამიანი გახდა მოგვიანებით მისი კურიერი.

ართურ ე., რომლის სრული სახელიც, გერმანიის კანონმდებლობით, არ საჯაროვდება, 2015 წლამდე გერმანიის არმიაში მსახურობდა, შემდეგ კი ბიზნესში გადაინაცვლა. ცნობილია, რომ ბიზნესმენი ეფ-ეს-ბე-სთან (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლობდა და მოსკოვში ვიზიტებისას, მას სადაზვერვო ინფორმაცია ჩაჰქონდა - მიჩნეულია რომ მისი ცნობები უკრაინის ომთან იყო კავშირში.

The Telegraph-ის წყარო იტყობინება, რომ გამოძიებასთან საუბრისას ართურმა აღიარა, რომ გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, იგი ეფ-ეს-ბეს აგენტებს შეხვდა და კარსტენ ლინკეს მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადასცა. ართურის მტკიცებით, იგი ლინკემ სიცრუეში შეიყვანა, რადგან სჯეროდა, რომ ყველაფერს გერმანიის სასიკეთოდ აკეთებდა.

გერმანიის სადაზვერვო სამსახურში ამჟამად ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა კარსტენ ლინკე ორგანიზაციის შიდა სტრუქტურის ფართო ქსელის წევრი, თუმცა ამ ეტაპზე, არც მისი მარტო მოქმედებაა გამორიცხული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ჯერჯერობით პასუხი არ გასცემია, შემდეგია: რატომ გადაწყვიტა კარსტენ ლინკემ გერმანიის ღალატი და უკრაინაში უკანანოდ შეჭრილი, დასავლეთის მიერ სანქცირებული, ოკუპანტი ქვეყნის დახმარება.

რამდენად იქონიებს გავლენას მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უკრაინაში მაცხოვრებელ ადამიანებსა და დასავლური სადაზვერვო სამსახურების რეპუტაციაზე, ამას დრო აჩვენებს.