Belive

Gazzetta.gr | კვარა ვარსკვლავია, რომელიც მოედანზე იმას აკეთებს, რაც სურს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, შესაძლოა ოქროს ასოებით ჩაიწეროს და ვიმედოვნოთ, რომ ასეც მოხდება - "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება და მატჩის სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

გასაკვირი არაა, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა და საქართველოს ნაკრებს ტრიბუნებიდან 55.000 გულშემატკივარი გაამხნევებს. ეს ბერძნებისთვის შესაძლოა დამატებითი წნეხი აღმოჩნდეს, თუმცა, ბერძნულ მედია საშუალებებს თუ გადავხედავთ, ისინი სავსე ტრიბუნებზე მეტად, ხვიჩა კვარაცხელიას უფრთხიან.

ავტორიტეტული ბერძნული სპორტული გამოცემა Gazzetta.gr უპრინციპულეს მატჩს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც საქართველოს ნაკრების სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მაჟორულ ნოტაზე საუბრობს.

ხვიჩა კვარაცხელია პირველად 3 წლის წინ, თესალონიკში ვიხილეთ, სადაც თავი ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა. იმ დროისთვის, ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მესამე მატჩს ატარებდა. ხვიჩა კვარაცხელია კი 20 წლის იყო, ნაკრებში მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გატანილი და ჯერ კიდევ "რუბინში" თამაშობდა - კვარას სატრანსფერო ღირებულებაც 6-8 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა.

ახლა, 23 წლის კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების მაისურით დამატებით 12 გოლი გაიტანა, "ნაპოლის" ისტორიული ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და მისი ღირებულება გაათმაგდა. ბაკასეტასისა და პელკასის მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლებით, 2021 წელს კვარა უკვე დავამარცხეთ, მაგრამ ეს მხოლოდ წარსულია და დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ფენომენალური თამაშის გამო, ნეაპოლელებმა მას "კვარადონა" შეარქვეს. ლეგენდარულ დიეგოსა და კვარას შორის ის განსხვავებაა, რომ ქართველი არ თამაშობს მხოლოდ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე - ის მთელს მოედანზეა. ის იბრძვის ყველგან, სადაც სურს! გითხრათ, რატომაა ის ამჟამად გაცილებით უფრო სახიფათო? იმიტომ, რომ კვარაცხელიას აქვს თავდაჯერება ფეხბურთელის, რომელიც მოედანზე აკეთებს ყველაფერს, რაც სურს. 3-5-2 ფორმაცია, რომლითაც სანიოლი საქართველოს ნაკრებს ათამაშებს, კვარასთვის საკმაოდ კომფორტულია, მას შეუძლია გადაადგილდეს სადაც სურს, მაგრამ გახსოვდეთ - კვარაცხელია არაა ერთადერთი ვარსკვლავი, რომელსაც საბერძნეთისთვის ხიფათის შექმნა შეუძლია.

ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არის გუნდი, რომელიც მხოლოდ კვარაზეა დამოკიდებული, ძალიან ცდება. გუნდის კიპერი - გიორგი მამარდაშვილი მხოლოდ 23 წლისაა და "ვალენსიას" ერთ-ერთი ლიდერია. მათი ფორვარდი და ლუქსემბურგთან გატანილი ორივე გოლის ავტორი - ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" თამაშობს. არ დავივიწყოთ გიორგი მიქაუტაძე, რომელით იჯარით "აიაქსში" იყო განათხოვრებული და კვლავ "მეცში" დაბრუნდა, სადაც გუნდის უპირობო ლიდერია. გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ღირსებას იცავს და ჩემპიონშიპში უკვე მოასწრო 31 მატჩში მონაწილეობის მიღება. ქოჩორაშვილი და კიტეიშვილი "ლევანტესა" და "შტურმში" თამაშობენ. ოთარ კაკაბაძე "კრაკოვის" ღირსებას იცავს, ხოლო კაპიტანი - გურამ კაშია "სლოვანის" ერთ-ერთი ლიდერია. ასევე, არ დავივიწყოთ, ლევან შენგელია, რომელიც "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავს. -

შეგახსენებთ, საქართველოსა და საბერძნეთის პრინციპული დაპირისპირება, რომლის სასწორზეც ევროპის ჩემპიონატის საგზურია, 26 მარტს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები