Belive

გაუფასურებული ლეგენდები და ასტრონომიული ფასები - მანჩესტერის ყოფილი ნახევარმცველის მწვავე შეფასება

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრაზილიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი ანდერსონი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ფეხბურთში „სუპერვარსკვლავისა“ და „ლეგენდის“ სტატუსს მოთამაშეებს ზედმეტად მარტივად და სწრაფად ანიჭებენ. მისი თქმით, დღეს საკმარისია ფეხბურთელმა რამდენიმე წარმატებული მატჩი ჩაატაროს ან სეზონში ათიოდე გოლი გაიტანოს, რომ მისი სატრანსფერო ფასი ასტრონომიულ 150-200 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

ანდერსონმა საკუთარი სათამაშო ეპოქა გაიხსენა, სადაც მოედანზე ისეთ გიგანტებთან უწევდა დაპირისპირება, როგორებიც მაკელელე, ლამპარდი, ჯერარდი, ინიესტა, ჩავი და ჩაბი ალონსო იყვნენ. მისი აზრით, მაშინდელი კონკურენცია და სტანდარტები სულ სხვა დონეზე იდგა, დღეს კი რამდენიმე გაბრწყინების გამო კლუბები გიჟურ თანხებს იხდიან მოთამაშეებში, რომლებიც შემდგომში გუნდის სახეებიც კი ვერ ხდებიან.

ნამდვილი სიდიადის მაგალითად ბრაზილიელმა კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ ნამდვილ კლასს წლების განმავლობაში შენარჩუნებული სტაბილურობა განსაზღვრავს - ეს ორი ვარსკვლავი ორ ათწლეულზე მეტია უმაღლეს დონეზე თამაშობს, ყოველ სეზონში 20-30 გოლი გააქვს და დღემდე 1000-გოლიანი ნიშნულის გადალახვისთვის იბრძვის.

ამ კონტექსტში ანდერსონმა ახალი თაობის ვარსკვლავებზეც, ვინისიუს ჟუნიორსა და ლამინ იამალზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ იამალმა ესპანეთის ნაკრებში თუ „ბარსელონაში“ უკვე მოიგო ტიტულები და საოცარ ფეხბურთს აჩვენებს, ხოლო ვინისიუსი „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტია, ანდერსონის თქმით, მათ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი რონალდუსა და მესის დონემდე მისასვლელად.

სხვა სტატიები