Belive

გატუზო: ,,კარგად ვაცნობიერებთ, რომ იტალიამ ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მიიღო''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ბოსნიასთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

„ყველა, ვინც ფეხბურთშია, ასეთი მომენტებისთვის ცოცხლობს... პირადად მე, დაძაბულობისგან გამოწვეულ ჟრუანტელს ვგრძნობ და ამაზე უკეთესი არაფერია. თუ ამას ვერ გრძნობ, მაშინ ბუცები ლურსმანზე უნდა ჩამოკიდო, ან როგორც მწვრთნელი, უბრალოდ სახლში წახვიდე. ვიცით, რომ ბევრი რამ არის სასწორზე; კარგად ვაცნობიერებთ, რომ იტალიამ ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა მთელი ეს ენერგია ხვალინდელი მატჩისთვის უნდა შევინახოთ და წინასწარ არ დავხარჯოთ.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის პირველივე დღიდან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თუმცა ვერ ვიფიქრებ იმაზე, თუ რა მოხდება დადებითი ან უარყოფითი შედეგის შემთხვევაში. ვალდებული ვარ, ჩემს ფეხბურთელებს თვალებში ჩავხედო და მათ თავდაჯერება შევმატო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მიზნის მიღწევის მჯერა.

უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში გუნდმა საგრძნობლად მოუმატა. შესაძლოა, განსაკუთრებული სილამაზით არ გამოვირჩევით, მაგრამ ეს მისაღებია. ჩვენი ისტორია მოწმობს, რომ სწორი მენტალიტეტით, გამარჯვების წყურვილითა და სირთულეების გაძლების უნარით, ამ მაისურით ბევრმა ჩვენგანმა შეძლო საოცარი და სრულიად მოულოდნელი წარმატებების მიღწევა. ეს ის თვისებებია, რომელთა გარეშეც ფონს ვერ გავალთ.

ჩემს შტაბთან ვსაუბრობდი და ვიცოდით, რომ სირთულეები გველოდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩრდილოეთ ირლანდია ბურთის გათამაშებას ცდილობდა, რადგან მათ ჩვეული სტილისთვის რომ მიემართათ და საჯარიმოში ბურთები უბრალოდ ჩაეკიდათ, უფრო მეტად გაგვიჭირდებოდა.

ხვალ სულ სხვა ტიპის თამაში იქნება, რადგან ბოსნიას ორი ძალიან სწრაფი და ხარისხიანი გარემარბი ჰყავს, ასევე ორი თავდამსხმელი, რომლებიც კარგად იხსნებიან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთების მისაღებად. ბურთის ფლობისას გამბედაობა გვჭირდება, რადგან ბოსნიელებმა ზუსტად იციან, რისი გაკეთება სურთ მოედანზე.'' - ჯენარო გატუზო
Italy and Bosnia in Do-or-Die World Cup Playoff - NBS Sport

გატუზოს, ბოსნიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარზეც ჰკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ პირველი გოლის გატანის შემთხვევაში, მისი გუნდი ავტობუსს ჩააყანებს:

,,ვიცი, რომ სერგეი პოკერის შესანიშნავი მოთამაშეა, ამიტომ არ მჯერა, რომ ეს ის გუნდია, რომელიც ავტობუსის ჩაყენებას აპირებს. მათ ბევრი ხარისხიანი მოთამაშე ჰყავთ და მეტოქეებს პატივს სცემენ, ამიტომ ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.

მაქვს თუ არა რაიმე სათქმელი იტალიაში მყოფი გულშემატკივრებისთვის? ვნახე, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ჩვენს თამაშს ტელეეკრანებთან 10-მა მილიონმა მაყურებელმა უყურა. ბოლო თვეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩვენზეა დამოკიდებული, მივანიჭებთ თუ არა მათ ამ სიხარულს.'' - ჯენარო გატუზო

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ბოსნიას დაუპირისპირდება. თავის მხრივ, ბოსნიელებმა უელსს სტუმრად პენალტების სერიაში მოუგეს.

ფინალური მატჩი ხვალ, 31 მარტს, ბოსნიაში გაიმართება და 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები