Belive

განახლებული რეიტინგი: ფეხბურთელებისათვის გაცემული ანაზღაურებით ბარსელონამ რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავებისათვის გაცემული ანაზღაურება სწრაფი ტემპით იზრდება. ევროპული ფეხბურთის გრანდები საკუთარი ფეხბურთელების შესანარჩუნებლად სოლიდურ ავანსებს გასცემენ. განახლებული რეიტინგის თანახმად, ძირითადი გუნდის წევრებისათვის გაცემული ანაზღაურებით "ბარსელონამ" რეკორდი დაამყარა. კატალონიური გრანდის ძირითადი გუნდის ფეხბურთელების საშუალო წლიური ანაზღაურება £10.45 მილიონს შეადგენს. მიმდინარე სეზონში, "ბლაუგრანა" საკუთარ ფეხბურთელებს საშუალოდ £200 ათასს უხდის კვირაში - რაც გასულ წელთან შედარებით 33 %-ით მეტია. "ბარსელონას" სახელფასო ხარჯების კოლოსალურად ზრდა დიდწილად განაპირობა ლეო მესის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივებამ. ამასთანავე, კატალონიელთა რიგებს ფილიპე კოუტინიო, არტურ მელო, მალკომი და არტურო ვიდალი შეუერთდნენ. განახლებული კონტრაქტები გაუფორმდათ აგრეთვე ჟერარ პიკეს, სერხი რობერტოს, სამუელ უმტიტისა და სერხიო ბუსკეტსს. Global Sports Salary Survey-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში მადრიდის "რეალი" მეორე ადგილს იკავებს. "ბლანკოსის" ფეხბურთელების საშუალო წლიური ანაზღაურება £8.1 მილიონს შეადგენს. მომდევნო პოზიციებს კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფრენჩაიზები იკავებენ. აღნიშნულ კომპონენტში "ოკლაჰომა" (£7.84 მილიონი) და "გოლდენ სტეიტი" (£7.82 მილიონი) ლიდერობენ.
"ბარსელონასა" და "რეალის" შემდეგ, ევროპული ფეხბურთის გრანდებიდან "იუვენტუსი" ლიდერობს. "ბიანკონერის" ფეხბურთელების საშუალო წლიური ანაზღაურება £6.7 მილიონს შეადგენს. პრემიერლიგის გრანდებს კი "მანჩესტერ იუნაიტედი" უდგას სათავეში. "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელების საშუალო წლიური ანაზღაურება £6.5 მილიონს აღწევს. საჯარო კვლევები კვლავ ადასტურებს, რომ პრემიერლიგა დღემდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფეხბურთო ჩემპიონატია. პრემიერლიგის გუნდების ფეხბურთელების საშუალო წლიური ანაზღაურება £2.99 მილიონს შეადგენს. მეორე ადგილს ესპანეთის ლა ლიგა იკავებს (£2.2 მილიონი), მესამე ადგილზე კი სერია ა იმყოფება (£1.5 მილიონი). ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) მსოფლიოში დღემდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიგაა. NBA-ს გუნდების კალათბურთელების საშუალო წლიური ანაზღაურება £5.9 მილიონს შეადგენს.

სხვა სტატიები