Belive

გამარჯვების მიუხედავად, ბაიერნი შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, "ფრაიბურგი" "ბაიერნს" დაუპირისპირდა. საკუთარ კედლებში ასპარეზობის მიუხედავად, მასპინძლები პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაიჩაგრნენ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა - "ფრაიბურგი" ძლევამოსილ მეტოქესთან 1:4 დამარცხდა. სოლიდური სხვაობით გამარჯვების მიუხედავად, "რეკორდმაისტერი" შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს, აღნიშნულის მიზეზი კი უნებლიე შეცდომაა, რომელიც "ბაიერნის" სამწვრთნელო შტაბმა დაუშვა. მატჩის უკანასკნელ წუთებში, მოედანზე "ბაიერნის" 12 ფეხბურთელი იმყოფებოდა. 85-ე წუთზე, იულიან ნაგელსმანმა თამაშში ნიკლას ზულესა და მარსელ საბიტსერის ჩართვა გადაწყვიტა. ფეხბურთელები მოედანზე კორენტინ ტოლისოსა და კინგსლი კომანის ნაცვლად უნდა შესულიყვნენ, თუმცა მოედანი მხოლოდ კომანმა დატოვა. "ბაიერნმა" შეხვედრა მოედანზე მყოფი 12 ფეხბურთელით განაგრძო და მატჩი მხოლოდ "ფრაიბურგის" სათადარიგოთა სკამის პროტესტის შემდეგ შეჩერდა.

გერმანული ფეხბურთის ფლაგმანს უსიამოვნო ინციდენტი შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. გერმანული Bild-ი და ესპანური Marca აღნიშნავენ, რომ "ბაიერნს" შესაძლოა წაგება ჩაეთვალოს, თუმცა ეს არაა ერთადერთი სასჯელი, რომლითაც "რეკორდმაისტერი" შესაძლოა დაისაჯოს - "ბაიერნს" ქულების დაკლებაც ემუქრება. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის (DFB) გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები