Belive

გახდება ხაბი ალონსო დიდი მწვრთნელი? | მოურინიოს მოსაზრება

3 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

მიმდინარე სეზონში "ბაიერ ლევერკუზენი" საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ამ მოსაზრებას ორი არგუმენტი აქვს: სტატისტიკური და ხარისხობრივი. ამ ყველაფრის შემოქმედი კი შესანიშნავი ფეხბურთელი და პოტენციურად, დიდი მწვრთნელი, ხაბი ალონსოა.

სტატისტიკით დავიწყოთ - ბუნდესლიგაში ჩატარებულ 19 შეხვედრაში, ალონსოს გუნდმა 15 შეხვედრა მოიგო, 4-ჯერ ფრე ითამაშა, გაიტანა 50, საკუთარ კარში კი 14 გოლი მიიღო. ფეხდაფეხ მდევარ "ბაიერნს" 2 ქულით უსწრებს, რაც "ბუნდესლიგას" ინტრიგას სძენს - ჩემპიონატს, რომელშიც "ბაიერნი" პირველობას უკვე ზედიზედ 11 წელია, არავის უთმობს.

პირველობაზე პრეტენზია "ლევერკუზენს" ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია. ამ 11 წლის განმავლობაში, გუნდი სამეულში მხოლოდ 2-ჯერ შევიდა. მეტსაც გეტყვით - "ლევერკუზენს" "ბუნდესლიგა" დღემდე არ აქვს მოგებული, მე-2 ადგილი კი ისტორიაში მხოლოდ 5-ჯერ (1996/97, 1998/99, 1999/20, 2001/02, 2010/11) დაიკავა.

ხაბი ალონსოს მთავარი საფეხბურთო ნიშა მისი უზუსტესი, ფილიგრანული სიზუსტით გაკეთებული 50-70 მეტრიანი შორეული გადაცემები იყო, რომელშიც, როგორც ადრე იტყოდნენ, ბადალი არ ჰყავდა. მისი სამწვრთნელო ფილოსოფია საფეხბურთოსგან განსხვავდება და მოკლე პასებზეა აწყობილი, რითაც, გარკვეულწილად, "ბრაიტონის" რობერტო დე ძერბის წააგავს: "ლევერკუზენის" მთავარი იარაღი სწრაფი კომბინაციები და ხაზებს შორის, მოთამაშეთა მობილური გადაადგილებაა. მეორე მხრივ, "ბრაიტონისგან" განსხვავებით, შეტევის დირიჟორი მოედნის ცენტრში დგას - ფლორიან ვირცი, ფეხბურთელი, რომელიც შეტევის ფაზაში უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებს და რომლის ანგარიშზეც, მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

ხაბი ალონსო ის მწვრთნელია, რომელმაც, "ლევერკუზენი", გასავარდნი ზონიდან "ბუნდესლიგის" სათავეში აიყვანა და დიდ საფეხბურთო ასპარეზზე დააბრუნა. შეძლებს თუ არა სეზონის ბოლომდე ამ ტემპის შენარჩუნებას, ეს მხოლოდ წინასწარმეტყველების საგანია - ზემოთაღნიშნული 11 წლის განმავლობაში, "ბაიერნის" ჰეგემონიის დამხობის შანსი არაერთხელ იყო, თუმცა საფეხბურთო კლასი, გამოცდილება, ძლიერი სათადარიგოთა სკამი და სხვა ფაქტორები თავის სიტყვას ამბობდნენ. ერთი რამის დაზუსტებით თქმა შეიძლება - ხაბი ალონსოს სახით, მსოფლიო ფეხბურთი დიდ მწვრთნელს მიიღებს - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, პოტენციალი ნათლად ჩანს.

ალონსოს პროგრესზე საინტერესო მოსაზრება ჰქონდა ჟოზე მოურინიოს - პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, ასეთი შეფასება გააკეთა:

ხაბი ალონსოს მამა მწვრთნელი იყო. ჩემს მსგავსად, დაიბადა ოჯახში, სადაც მამა ფეხბურთელი იყო და გაიზარდა იმ გარემოში, სადაც მამა უკვე მწვრთნელი გახლდათ. მოგვიანებით, ალონსო ფეხბურთელი გახდა და, ცხადია, ჩემზე გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშა. გახდა ტოპ დონის ფეხბურთელი, რომელსაც ეს თამაში ესმოდა.

ითამაშა ესპანეთში, ინგლისში და გერმანიაში. "ბაიერნში", გვარდიოლა წვრთნიდა, "რეალში" მე, ასევე კარლო ანჩელოტი, "ლივერპულში" ბენიტესი. თუკი ამ ყველაფერს გავაერთიანებთ, ჩემი აზრით, ხაბის აქვს ყველა ის დამხმარე ფაქტორი, რაც მას ძალიან კარგ მწვრთნელად აქცევს. - ჟოზე მოურინიო

შეგახსენებთ, რომ "ბუნდესლიგის" წლის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი მომდევნო კვირას, 10 თებერვალს გაიმართება, სადაც "ლევერკუზენი" საკუთარ მოედანზე "ბაიერნს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები