"გაგვძარცვეს, ინგლისი მსაჯმა გადაარჩინა" - ალფ-ინგე ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების მარცხს ემოციურად გამოეხმაურა
ლიდსის ყოფილმა ნახევარმცველმა და მანჩესტერ სიტის ფორვარდის მამამ, ალფ-ინგე ჰოლანდმა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან ნორვეგიის ნაკრების გამოვარდნის შემდეგ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ მისი სამშობლო ღიად გაძარცვეს, ხოლო ინგლისის ნაკრები მაიამიში გამართულ დრამატულ მატჩში მსაჯმა გადაარჩინა. შეხვედრა ტომას ტუხელის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ნორვეგიული მხარის უკმაყოფილება რამდენიმე ეპიზოდმა გამოიწვია, რომლებმაც მატჩის მსვლელობაზე კარდინალური გავლენა მოახდინა:
გაუქმებული გოლი: ტორბიორნ ჰეგემის გოლი, რომელსაც სკანდინავიელები წინ უნდა გაეყვანა, გაუქმდა. მსაჯმა კუთხურის ჩაწოდებისას თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა: ერლინგმა ელიოტ ანდერსონს ჰკრა ხელი.
სადავო პირველი გოლი: არ წყდება კამათი ინგლისელთა პირველი გოლის ირგვლივაც. ნორვეგიის მთავარი მწვრთნელი, სტოლე სოლბაკენი დარწმუნებულია, რომ გოლის წინ ბურთი მოედნის თავზე გაბმულ ტელეკაბელებს მოხვდა. თუმცა, ფიფას ოფიციალური მონაცემებით, ბურთში ჩამონტაჟებულ სენსორს არანაირი კონტაქტი არ დაუფიქსირებია.
პენალტის ეპიზოდი: მატჩის მსვლელობისას კიდევ ერთი სადავო მომენტი შეიქმნა, როდესაც ჯედ სპენსი საჯარიმოში წაიქცა და პენალტის მოპოვებას ცდილობდა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ VAR-ის ჩარევის შემდეგ გაუქმდა.
ჰოლანდ უფროსმა ემოციები ვერც სოციალურ ქსელში შეაკავა. X-ზე ცნობილი ჟურნალისტის, ჰენრი ვინტერის პოსტის საპასუხოდ მან დაწერა: "მსაჯმა გადაგარჩინათ. იმედია, ახლა მაინც მოიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს. მაგრამ ვგრძნობ, რომ დღეს უბრალოდ გაგვძარცვეს".
ინგლისის ნაკრები ნახევარფინალურ მატჩში ტურნირის მოქმედ ჩემპიონ არგენტინას უნდა შეხვდეს. მატჩი 15 ივლისსა დაგეგმილი.