FootMercato: ზურიკოს წასვლა უნდა და სენტ-ეტიენზე განაწყენებულია
გასულ სეზონში, ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ, მაღალი ამბიციებითა და ახალი ინვესტორით, სენტ-ეტიენმა ქაოტური წელი გადაიტანა, რომელიც დივიზიონიდან გავარდნით დასრულდა. ახლა კლუბი მიზნად ისახავს ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში სწრაფად დაბრუნებას. სენტ-ეტიენმა პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: შეინარჩუნოს საუკეთესო მოთამაშეები.
ამ მნიშვნელოვან მოთამაშეებს შორისაა ზურიკო დავითაშვილი. 24 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც 'მწვანეებს' 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა, სწრაფად გახდა შეუცვლელი მოთამაშე. ბურთის ფლობის უნარით, მჭიდრო გარემოში თავის დაძვრენითა და მცირე სივრცეებში ოსტატობით, დავითაშვილმა შთაბეჭდილება მოახდინა როგორც სენტ-ეტიენის გულშემატკივრებზე, ასევე ლიგა 1-ის მაყურებელზეც. გასულ სეზონში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მას ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სასურველ აქტივად აქცევს, თუმცა კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აქვს და კლუბიც მის გაშვებას არ აპირებს.
Foot Mercato-ს ცნობით, რამდენიმე კლუბმა ქართველი თავის რადარზე მონიშნა, მათ შორის რენმა, სტრასბურმა, სევილიამ, ბორუსიამ და ევერტონმა, თუმცა სენტ-ეტიენი ყველაფერს ბლოკავს.
კლუბის ასეთმა პოზიციამ დავითაშვილი გააღიზიანა, რადგან კარიერის გაგრძელების ამბიციური გეგმა აქვს, სენტ-ეტიენი კი პრინციპულად უშლის ხელს. იწერება, რომ ქართველმა უარი თქვა პარიზის და კალიარის წინააღმდეგ სეზონისწინა მატჩებში მონაწილეობაზე, რათა წასვლა დაეჩქარებინა.