ფეხბურთში შავი ბარათი უკვე რეალურია
შავი ბარათი უკვე რეალობაა. რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ (FRF), 11 სექტემბერს, ახალი რეგულაციის ამოქმედება გამოაცხადა. წესების დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენება სპეციალური ბარათი, რომლის მიზანიც ბავშვთა ფეხბურთში, მშობლებისა და მაყურებლების მხრიდან შეურაცხმყოფელი თუ უადგილო ქცევის საბოლოოდ აღკვეთაა.
ეს მსოფლიო სპორტში პრეცედენტული და ნოვატორული ნაბიჯია:
ფეხბურთი უნდა დარჩეს თამაშად - სიხარულისა და ბავშვების ჯანსაღი განვითარების სივრცედ. BRAVO პლატფორმის მეშვეობით, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს ბრძოლას ბავშვთა ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემასთან, ტრიბუნებიდან მშობლებისა და მაყურებლების მხრიდან განხორციელებულ ბულინგსა და ზეწოლასთან. - ვკითხულობთ ფედერაციის განცხადებაში
⚫¡Llega la tarjeta negra que revolucionará el mundo del fútbol!
— Diario SPORT (@sport) September 11, 2026
La Federación Rumana de Fútbol introduce una nueva norma para frenar los comportamientos inapropiados de los padres en el fútbol basehttps://t.co/4lGOCX51XY
შავი ბარათის დანიშნულება სრულიად კონკრეტულია და ის მატჩის საბოლოო შეწყვეტას გულისხმობს: „შავი ბარათი არის ვიზუალური სიგნალი, რომლითაც არბიტრი ცალსახად აცხადებს, რომ შეხვედრა მაყურებლების ან მშობლების არასათანადო ქცევის გამო საბოლოოდ წყდება. შეურაცხმყოფელი ქცევა გავლენას ახდენს არა მხოლოდ თამაშის მსვლელობაზე, არამედ შესაძლოა პირდაპირი უარყოფითი შედეგები ჰქონდეს ბავშვებსა და მთლიან გუნდზე“.
შავი ბარათის გამოყენებამდე გათვალისწინებულია პირველადი გაფრთხილება და მატჩის დროებით, 10 წუთით შეჩერებაც კი. შეუფერებელი ატმოსფეროს შემჩნევისას, მსაჯი პირველ ეტაპზე გუნდის მწვრთნელებს სთხოვს, მიმართონ მაყურებლებს, ასევე გაკეთდება გაფრთხილება სტადიონის ხმოვანი სისტემით. თუ აგრესიული ქცევა მაინც გაგრძელდება, შეხვედრა შავი ბარათით შეწყდება, გუნდებს კი გასახდელისკენ მიუთითებენ.