Belive

"ეზე არსენალში წავიდა" - კრისტალ პალასის მწვრთნელმა ტრანსფერი დაადასტურა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი, 27 წლის ებერეჩი ეზემ კრისტალ პალასი ოფიციალურად დატოვა და იგი არსენალის ფეხბურთელი ძალიან მალე გახდება, ყველაფერი უბრალოდ დროის ამბავია.

პრემიერ ლიგის მეორე ტურის წინ, კრისტალ პალასის მთავარმა მწვრთნელმა - ოლივერ გლასნერმა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეზეს შესახებ ის ბევრს აღარ ისაუბრებს, რადგან ეზე კრისტალ პალასის ფეხბურთელი აღარ არის.

"ეზე ჩვენთან აღარ ითამაშებს, ამიტომ მასზე საუბარს აზრი არ აქვს. ის წავიდა. ჩვენ მას არსენალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ, მაგრამ ჩვენთვის ახლა მთავარი მეტი ხარისხიანი მოთამაშის მოყვანაა.

დაახლოებით ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, ამიტომ უკვე კვირების განმავლობაში ვეძებდით შესაფერის შემცვლელებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ 10 დღეში კარგი ტრანსფერის განხორციელებას მოვახერხებთ, ახლა უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ ვართ...

მე ჩავერთები ტრანსფერების საქმეში, მაგრამ ახლა ჩემი საქმე გუნდის მომზადებაა ნოტინგემ ფორესტისთვის. ამ სეზონში დაუმარცხებლები ვართ და გვინდა ასე გავაგრძელოთ.“ - ოლივერ გლასნერი

შეგახსენებთ, რომ ებერეჩი ეზე კრისტალ პალასის ღირსებას 2020/2021 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 169 მატჩი ჩაატარა და 40-ჯერ შეძლო გოლის გატანა, 28-ჯერ კი საგოლე გადაცემის შესრულება.

გასულ სეზონში, კრისტალ პალასმა ისტორიაში პირველი ტიტული - ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო, ერთ-ერთი მთავარი გმირი კი ებერეჩი ეზე იყო, რომელმაც კლუბი ლეგენდის სახელით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ არსენალმა ებერეჩი ეზეს ტრანსფერი ძალიან სწრაფად დახურა. 68 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ 27 წლის ინგლისელი კარიერას კრისტალ პალასიდან ლონდონის წითელ მხარეში გააგრძელებს.

სხვა სტატიები