Belive

ევროპის სუპერლიგის მომხრე გუნდები უეფა-ს წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ევროპის სუპერ ლიგის შექმნის მომხრე 12-მა კლუბმა უეფა-სა და ფიფა-ს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა - მილანი, არსენალი, ატლეტიკო, ჩელსი, ბარსელონა, ინტერი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი და ტოტენჰემი უეფა-სა და ფიფა-ს წინააღმდეგ სასამართლო დავის დასაწყებად მზად არიან. 18 აპრილს, აღნიშნულმა 12-მა გუნდმა ახალი საფეხბურთო ტურნირის, ევროპის სუპერ ლიგის შექმნა დააანონსა. ცნობილია, რომ მათ რიგებს, 3 გუნდი შეუერთდება. კლუბების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტურნირის ორგანიზებისთვის საჭირო თანხა, £3.5 მილიარდი, უკვე მობილიზებულია - ინვესტორს მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი, JP Morgan-ი წარმოადგენს. სუპერ ლიგის შექმნას უეფა და ფიფა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნულ გუნდებს ტურნირებზე მონაწილეობის უფლება დროებით ჩამოართვა, ფეხბურთელებს კი ეროვნულ გუნდში თამაშიც აეკრძალათ.

12 გუნდის პასუხი უეფა-სა და ფიფა-ს

შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ უეფა და ფიფა არაკანონიერ სადამსჯელო ზომებს მიმართავენ. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს იმისთვის, რომ ტურნირის ორგანიზება, კანონის ფარგლებში, უპრობლემოდ წარიმართოს. ჩვენ ტურნირის ორგანიზების საკითხით დაინტერესებული თითოეული მხარის ინტერესს დავიცავთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორია სუპერ ლიგის ფორმატი?

ტურნირის დამაარსებელ 15 კლუბს ყოველწლიურად 5 ევროპული გუნდი შეუერთდება, რომელიც ტურნირზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლის. პირველი თამაშები აგვისტოში, ფინალი კი მაისის ბოლოს, ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან და ერთმანეთს საშინაო და გასვლით მატჩში დაუპირისპირდებიან. მეოთხედფინალურ ეტაპზე, ორივე ჯგუფიდან, საუკეთესო 3 გუნდი (ჯამში 6) გადაინაცვლებს. დარჩენილი ორი ადგილისთვის, ჯგუფში მეოთხე და მეხუთე ადგილოსნები პლეი-ოფის სისტემით იბრძოლებენ. ტურნირის ორგანიზატორების თანახმად, უახლოეს მომავალში ქალებისთვის განკუთვნილი ტურნირის შექმნაც დაანონსდება.

დამატებითი დეტალები

სუპერ ლიგის აღმასრულებელ თავმჯდომარედ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი წარადგინეს. "ფეხბურთი ერთადერთი სპორტია, რომელსაც მსოფლიოში 4 მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალს. ჩვენი მოვალეობაა, უდიდესმა გუნდებმა საკუთარი სურვილისამებრ იმოქმედონ", - განაცხადა მან. პერესის მოადგილისა და ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელის, ანდრეა ანელის შეფასებით, ტურნირი მსოფლიო ფეხბურთის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის. კმაყოფილება გამოთქვა ასევე "მანჩესტერ იუნაიტედის" თანამფლობელმა, ჯოელ გლეიზერმა: "ეს იქნება ახალი ეპოქა ევროპულ ფეხბურთში", - აღნიშნა გლეიზერმა. კლუბების ხელმძღვანელების მოსაზრებებს არ იზიარებს საფეხბურთო სამყარო: მაგალითად, რიო ფერდინანდმა აღნიშნულ პროცესს "ომი ფეხბურთის წინააღმდეგ" უწოდა, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ კლუბები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. სუპერლიგის შექმნის იდეას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა:
  • ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებთან ერთად, გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ახალ სუპერლიგაში თამაშის შემთხვევაში, ფეხბურთელებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა აეკრძალებათ.
  • ინგლისის პრემიერლიგა გმობს ახალ წინადადებას, რადგან პროექტი ფეხბურთში არსებულ კონკურენციასა და სპორტულ პრინციპებს საფრთხეს უქმნის. ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი ტურნირი გაანადგურებს გულშემატკივრების ოცნებას – მათმა გუნდმა საუკეთესოების წინააღმდეგ ითამაშოს.
  • “ბაიერნი”, “დორტმუნდი” და “პარი სენ ჟერმენი” სუპერლიგის შექმნის მოწინაღმდეგეთა შორის აღმოჩნდნენ.

ითამაშებენ თუ არა კლუბები ეროვნულ ჩემპიონატებში?

სუპერ ლიგის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატებში გუნდები კვლავ ითამაშებენ და ამისათვის, ფიფა-სა და უეფა-სთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. თუმცა ნიშანდობლივია, რომ უეფა-ს, პრემიერ ლიისა და სხვა ეროვნული ჩემპიონატების წარმომადგენლები საერთო განცხადებაში სუპერ ლიგის იდეას გმობენ და არანაირ თანამშრომლობას არ განიხილავენ.

რას ამბობს ფიფა?

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორგანიზაციის მთავარი მოვალეობა ფეხბურთის გლობალურ დონეზე განვითარებაა და ამ მიზეზით, ფიფა სუპერ ლიგის იდეას კატეგორიულად არ იზიარებს. "ჩვენ გვაქვს ხედვა - სახელწიფოსა თუ რეგინის განურჩევლად, ჩვენი მოქმედება სოლიდარობაზე, ინკლუზიურობაზე, ინტეგრიციასა და ფინანსების თანაბარ გადანაწილებაზე უნდა იყოს დამყარებული. შესაბამისად, ფიფა მხარს არ უჭერს "დახურულ ევროპულ" ლიგას, რომელიც საერთაშორისო საფეხბურთო სტრუქტურებთან არ თანამშრომლობს და ზემოთაღნიშნულ პრინციპებს არ იზიარებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სხვა სტატიები