Belive

ევროპა ლიგა მოგებით დაიწყო გუნდმა, რომელიც პორტუგალიის მე-2 დივიზიონშია

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ლილესტრიომმა (ნორვეგია) ტორეენსეს (პორტუგალია) უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ამ შედეგის მიღმა არსებული ისტორია შთამბეჭდავია - გასულ სეზონში პორტუგალიის მე-2 ლიგაში მოასპარეზე ტორეენსემ ქვეყნის თასის მოგებით ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია მოახდინა. მათ ფინალში ლისაბონის სპორტინგს 2:1 მოუგეს. ეს კლუბის 109-წლიან ისტორიაში პირველი დიდი ტიტულია. ასევე, ეს იყო პირველი შემთხვევა პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში, როდესაც მეორე დივიზიონის გუნდმა თასი მოიგო.

სწორედ პორტუგალიის თასზე გამარჯვებით მოიპოვა ტორეენსემ ევროპა ლიგის საგზურიც. გუნდი ახლაც რანგით მე-2 ლიგაშია და თანაც, 6 ტურის შემდეგ, მე-14 ადგილს იკავებს. უცნაური სიტუაციაა, თუმცა მათ ევროტურნირზე ასპარეზობას კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს სწორედ ეს ფაქტი ხდის.

ტორეენსეს სტადიონი - Estádio Manuel Marques, სულ 2 400 მაყურებელს იტავს და, შესაბამისად, უეფას სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ გუნდს საშინაო შეხვედრების ჩატარება ლეირიაში, Estádio Dr. Magalhães Pessoa-ზე მოუწევს, რომელიც ტორეშ-ვედრაშიდან დაახლოებით 100 კილომეტრითაა დაშორებული.

ლილესტრიომთან გამარჯვების შემდეგ, ტორეენსეს ევროპა ლიგაზე კიდევ 7 მატჩი ელის, მათ შორის - სანდერლენდთან, ფერენცვაროშთან, არარატ-არმენიასთან, სელტიკთან, სოსიედადთან, ლეხთან და ოლიმპიაკოსთან.

  • მხოლოდ ევროპა ლიგაზე მოხვედრისთვის ტორეენსეს 4,31 მილიონი ევრო აქვს გარანტირებული, რასაც შედეგებისა და საბოლოო პოზიციის მიხედვით ბონუსები დაემატება.